აზერბაიჯანში იმპორტზე საბაჟო ტარიფის ზრდა ქართულ პროდუქციას არ შეეხება

აზერბაიჯანში პროდუქციის იმპორტზე საბაჟო განაკვეთების მოსალოდნელი ზრდა ქართულ პროდუქციასა და ექსპორტიორებს არ შეეხება.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ მხარეს დაუდასტურა, რომ ცვლილებები საქართველოს არ შეეხება.

„აზერბაიჯანთან ორმხრივი და მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გვაქვს, რომელსაც მსგავსი საიმპორტო ტარიფების ზრდა არ ეხება. შესაბამისად, ეს ტარიფების ზრდა ქართული წარმოშობის პროდუქციას ნამდვილად არ შეეხება. კონსულტაცია აზერბაიჯანულ მხარესთანაც გვქონდა და მათაც დაადასტურეს ეს,“ - აღნიშნა არველაძემ.

აზერბაიჯანული გამოცემა trend.az-ის ცნობით, აზერბაიჯანი ზოგიერთი სახეობის პროდუქციის იმპორტზე საბაჟო განაკვეთებს 2 წლით ზრდის.

საუბარია ხორცპროდუქტებზე, ფრინველის ხორცზე, კვერცხზე, ხილზე, ბოსტნეულზე, თხილზე, წვენებზე, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებზე, მათ შორის, მინერალურ წყლებზე, ასევე საშენ მასალაზე - ბეტონზე, ცემენტზე, ასბესტზე, აგურსა და კერამიკაზე.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე