გიორგი ტუღუში - შემოწირულობების 2/3 მიღებული აქვს ერთ პარტიას, აქ იკვეთება პოლიტიკური კორუფციის აშკარა ნიშნები

ჩვენ ვიცავთ კანონმდებლობას და ჩვენი ფინანსები გამჭვირვალეა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ტუღუშმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

ანგარიშის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ შემოწირული თანხების რაოდენობის კუთხით მეოთხე ადგილზეა, ხოლო პირველი ადგილს 10 მილიონ ლარზე მეტი თანხით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იკავებს. გიორგი ტუღუშის თქმით, კვლევაში იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა.

„შემოწირულობების 2/3 მიღებული აქვს ერთ პარტიას, აქ იკვეთება პოლიტიკური კორუფციის აშკარა ნიშნები, როცა კერძო პირებს და რამდენიმე კომპანიას მთავრობისგან მიღებული აქვს კონტრაქტები, მათ შორის ტენდერების გვერდის ავლით და მერე იდენტური თანხები შეწირული აქვს „ქართული ოცნებისთვის“. ვფიქრობ, ეს არის ფაქტები, რომელიც შესასწავლია“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ 10 286 735 ლარის შემოწირულობა მიიღო, პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2 289 122 ლარი, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 651 662 ლარი.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ანგარიშშია ნათქვამი შემოწირულობების კუთხით მესამე ადგილზეა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც შემოწირულობის სახით 1 151 797 ლარი მიიღო, ხოლო „გირჩმა“ - 601 717 ლარი.