ზესტაფონში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, რომელიც 15 ფერმერისაგან შემდგარი კოოპერატივის საკუთრებაა.

როგორც კოოპერატივის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭანკოტაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, პროდუქცია ბაზარზე დაახლოებით 1-2 კვირაში გამოჩნდება.

პირველ ეტაპზე საწარმო მხოლოდ სხვადასხვა სახის ყველს (იმერული, სულგუნი, შებოლილი სულგუნი, ე.წ. ქარხნული ყველი) გამოუშვებს. თუმცა, მაწვნის, ხაჭოსა და რძის სხვა ნაწარმის წარმოებასაც გეგმავს.

ჭანკოტაძე აღნიშნავს, რომ მათი ორიენტირი ძირითადად, დედაქალაქის ბაზრის ათვისებაა და ამ მიზნით დიდ სავაჭრო ქსელებთან გეგმავენ თანამშრომლობას.

„სამომავლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანაც გვინდა. წარმოების პარალელურად დავიწყებთ მუშაობას ტურისტული ბაზრის ასათვისებლადაც, რისთვისაც პარმეზანს და მსგავსი ყველების წარმოებასაც ვაპირებთ,“ - აღნიშნა ჭანკოტაძემ.

მისივე ცნობით, პროდუქცია ბაზარზე კოოპერატივის სახელით „ზესტაფონური“ გამოჩნდება.

საწარმოს წარმადობა დღეში 2 ტონამდე რძის გადამუშავებაა, რითაც დღეში 300-400 კილო ყველის დამზადებაა შესაძლებელი.

პროექტის ღირებულება 250 ათასი ლარია. აქედან 150 ათასამდე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსდა, ხოლო 100 ათასამდე კოოპერატივის წევრების შენატანია.

თაია არდოტელი