მაღაზიათა ქსელი ”მობი” დაიხურა

მაღაზიათა ქსელი ”მობი” დაიხურა. ამ დროისთვის ციფრული ტექნიკის მაღაზიის არც ერთი ფილიალი არ ფუნქციონირებს.

როგორც მომხმარებლები ”მობი”-ს ფეისბუქგვერდზე წერენ, მათ კომპანიის მომსახურების მიღება არ შეუძლიათ:

”ტელეფონს აქვს საგარანტიო. რამდენიმე დღეა ვურეკავ და არავინ მპასუხობს. თამარაშვილის 17-ში კი ფილიალი დაკეტილია. ვის და სად მივმართო? თუ საერთოდ დაიხურა MOBI.”

”თამარაშვილის 17-ში რომ არის ფილიალი დახურულია. ეგ ფართი ქირავდება საერთოდ. თან შაბათს მივწერე კითხვა მაგ ფილიალთან დაკავშირებით და არ მომწერეს არაფერი”

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია აღარ ფუნქციონირებს, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს მაღაზიის საიტი mobi.ge. საიტზე ასევე აქტიურია ბანკის განვადების ფორმა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს ტექნიკის შეძენაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია.

„ლიბერთი ბანკის“ ოპერატორის განმარტებით, ონლაინ განცხადებების მიღება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

”მობი ინტერნეტ მაღაზიაა და განაცხადზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მაღაზიიდან თავად დაგიკავშირდებიან. ამ ეტაპზე მაღაზიაში ლიკვიდაცია აქვთ გამოცხადებული და ინტერნეტ რეჟმში ფუნქციონირებს”,  - განაცხადა ოპერატრომა

ციფრული ტექნიკის მაღაზიის ქსელში ვებგვერდზე მითითებულ სატელეფონო ნომრებზე ზარებს არავინ პასუხობს, მობილური ტელეფონის ნომერი კი გამორთულია.

”მობი” ქართულ ბაზარზე 9 წლის წინ შემოვიდა და საქართველოს მასშტაბით 5 ფილიალი ჰქონდა – სამი თბილისში, ორი კი რეგიონში.