ბრიტანული ფუნტი ერთბაშად 6%-ით გაუფასურდა

აზიის ბირჟაზე ვაჭრობის შემდეგ ბრიტანული ფუნტი დოლართან მიმართებაში ერთბაშად 6%-ით დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია „ბრექსიტის“ რეფერენდუმის შემდეგ.

„ბიბისის“ ცნობით, ერთი ფუნტის ღირებულებამ 1,1841 დოლარი შეადგინა. თუმცა, რამდენიმე წუთში ფუნტის კურსი აიწია და ამ დროისთვის ერთი ფუნტი 1,24 დოლარი ღირს.

ანალიტიკოსთა აზრით, ფუნტის მკვეთრი ვარდნა საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებას უკავშირდება, რომელმაც აღნიშნა, რომ ბრიუსელმა მკაცრი პოზიცია უნდა დაიჭიროს ლონდონთან მიმართებაში „ბრექსიტთან“ დაკავშირებით.

კომპანია IG-ის ანალიტიკოსების განცხადებით, ვითარება ტექნიკურმა ხარვეზმა, ე.წ. Flash Crash-მა გამოიწვია.

„ეს გამოწვეული იყო ალგორითმით, რომელსაც სავაჭრო ტერმინალები გამოიყენებენ და რომელიც ითვალისწინებს ახალ ამბებს, ვაჭრობის დინამიკასა და ამა თუ იმ აქტივების გაყიდვების მოცულობას“, - აღნიშნავენ IG-ის ანალიტიკოსები.