„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი საწარმო ამოქმედდა

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი საწარმო ამოქმედდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი წარმოების პროცესს გაეცნო კიდევ ერთ ახალ საწარმოში, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა.

უწყების ინფორმაციით, თბილისში, სამგორში მდებარე საწარმო „გვგ პლასტი“ სხვადასხვა ზომისა და ფორმის პოლიეთილენისა და ბოთლების ჩასაწყობ ცელოფნის პარკებს აწარმოებს. კომპანიამ პროგრამის დახმარებით უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რისი საშუალებითაც ბაზარს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწვდის.

„კომპანიაში დღეს 50 ადამიანია დასაქმებული, მთლიანი ინვესტიცია 750 000 დოლარზე მეტია. საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რომელთა საშუალებით იწარმოება ბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ დასაქმებულ ადამიანებს აქვთ საკმაოდ მაღალი ხელფასი. სწორედ ეს არის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიზანი, რაც ჩვენს შემთხვევაში მიღწეულია. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიამ მოახერხა იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და დღეს უკვე ის მუშაობს ექპორტზე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში და რუსეთში“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ.

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, შპს „გვგ პლასტი“ უკვე თანამშრომლობს და ამარაგებს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა: „ნიკორა“, „2 ნაბიჯი“, SPAR, „იოლი“, „ავერსი“, „კოდა“ და „გორგია.“ საწარმო მომხმარებლებს ხარისხიან პროდუქციას და კონკურენტულ ფასებს სთავაზობს.