დიმიტრი ქუმსიშვილი - ლარის გაუფასურების საფუძველი არ არის

ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მოლოდინებზე აყოლილი მოსახლეობა დაიწყებს დოლარის შეძენას , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსის შესაძლო გაუფასურების კომენტირებისას განაცხადა.

ქუმსიშვილის თქმით, მაკროეკონომიკურად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ლარი გაუფასურდეს.

”მინდა გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, ლარის კურსი ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდებით და ბაზარზე არსებული მდგომარეობით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი ზეგავლენები სავალუტო კურსზე აქვს მოლოდინებს და ძალიან სამწუხაროა, რომ ქმნიან ისეთ მოლოდინს, თითქოს ლარი გაუფასურდება, რადგან მაკროეკონომიკურად ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ჩვენი საგადასახდელო ბალანსი წინა წელთან შედარებით არის გაუმჯობესებული და ახლა მით უმეტეს, როცა ჩვენთან დამთავრდა ტურისტული სეზონი და შემოსული არის ქვეყანაში ვალუტა, ამას არაფერი არ მოასწავებს. რაც შეეხება სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ჩვენი ქვეყნის ვალუტის კურსი საკმაოდ სტაბილურია. ზოგადად, პროგნოზირება ძალიან უმადური საქმეა, თუმცა მაკროეკონომიკურად შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი საფუძველი ლარის გაუფასურების არ არის. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მოლოდინებზე აყოლილი ჩვენი მოსახლეობა დაიწყებს დოლარის შეძენას, იმ შემთხვევაში თუ ეს მათ საჭიროებას არ წარმოადგენს”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.