"საქართველო დაბალი გადასახადებით უტოლდება და სჯობს კიდეც სინგაპურს"

სამი ყოფილი საბჭოთა ქვეყნიდან - მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, რომლებიც რუსეთთან ტერიტორიულ დავაში არიან, საქართველო საუკეთესო პოზიციაშია.

ამის შესახებ "ფორბსში" გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი. სტატიის თანახმად, ბიზნესის კეთების 2016 წლის რეიტინგში საქართველო 24-ე ადგილზეა და  უსწრებს პოლონეთს, შვეიცარიას, საფრანგეთს და ჰოლანდიას. "საერთაშორისო გამჭირვალობის" კორუფციის ინდექსში კი 2005 წლის 82 ადგილიდან 48 ადგილზე გადაინაცვლა 168 ქვეყანას შორის.

„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო იტალიაზე ნაკლებ კორუმპირებული ქვეყანაა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას შორის ნაკლები კორუფციაა“, - წერს სტატიის ავტორი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირში სიღრმისეული ინტეგრაცია საქართველოსთვის მარტივი არ იქნება, რადგან რუსეთი ქვეყნის ორ რეგიონს აკონტროლებს.

"თუმცა უცხოური ბიზნესისთვის მთავარი პრობლემა რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაცია არ გახლავთ, საქმე რეალურად მცირე ზომის ადგილობრივ ბაზარშია - საქართველოში კონეკტიკუტის შტატის მოსახლეობაზე ცოტა ხალხი ცხოვრობს გაცილებით ცოტა ფულით“, - წერს ავტორი.

სტატიის თანახმად, საქართველო სანიმუშო მოთამაშეა რეგიონში, სადაც ის პოსტ-საბჭოთა ქვეყნები არიან, რომლებსაც ერთჯერადი საქონელის მეტი არაფრის შემოთავაზება არ შეუძლიათ, ებრძვიან კორუფციას და სადაც მაღალი პოლიტიკური რისკი ინვესტორებს აფრთხობს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში საკმაოდ დაბალი ფასებია.

„2013 წელს ამერიკაში წლების წინ გადაბარგებულმა ქართველმა ჯორჯ არიზონმა (ირაკლი ვაშაკიძე) საქართველოში კვლევითი კომპანია გახსნა. 2014 წელს კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 15-დან 100-ს გადასცდა. როგორც ჯორჯი ამბობს, როცა საქართველოში კომპანიის გახსნა გადაწყვიტა, ბიზნესის დასარეგისტრირებლად 100 დოლარი გადაიხადა და ერთ საათში უკვე საკუთარი კომპანია ჰქონდა. ერთ-ერთი ფირმის მეპატრონე კი, რომელმაც გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ უძრავი ქონებისა და კვების ხარჯები, ჯამში სამი დოლარი უჯდება “, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი წერს, საქართველო შედის ტოპ ათ ქვეყანაში, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია.

„ეს შედეგი უტოლდება და ჯობს კიდეც სინგაპურს“, - წერს „ფორბსი“.