დღეს ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს

8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში - 3 645 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ (40 ქვეყანა) 55 საარჩევნო უბანი შეიქმნა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ამომრჩეველმა დღევანდელ საპარლამენტის არჩევნებში არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს. მან ასევე არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.

8 ოქტომბერს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი - აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი - მაჟორიტარული სისტემის მიხედვით.

გარდა ამისა, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება.

დღესვე, საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში, საკრებულოს შუალედური და მერისა და გამგებლების რიგგარეშე არჩევნებიც იმართება.

საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება ქალაქ თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, ხოლო რიგგარეშე არჩევნები ტარდება ახალციხის მერისა და ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლების ასარჩევად.

5 ოქტომბერს უკვე გაიმართა არჩევნები ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც 8 ოქტომბერს დაითვლება.