რაჭულ გირჩზე მოთხოვნა მცირდება

კავკასიურ (ნორდმანის) რაჭულ გირჩზე მოთხოვნა მცირდება. ამის მიზეზად ბიზნესმენები ევროპულ ბაზარზე სოჭის თესლის დაგროვილ მარაგსა და იქ არსებულ კრიზისს ასახელებენ.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია Fair trade-ის ნიშნის ქვეშ მყოფი კომპანიის Fair trees ადგილობრივი მენეჯერი, ჟანა ბაბუნაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, გირჩის თესლზე მოთხოვნის შემცირება შარშან ყველაზე მეტად შეინიშნებოდა. მისივე თქმით, კლების ტენდენცია სავარაუდოდ 4 წელი გაგრძელდება.

„საჭიროა მთავრობამ ყურადღება მიაქციოს და ასეთი უკონტროლო აღარ იყოს ეს სფერო. საქართველოდან ბევრი და იაფფასიანი გირჩი გადის, რის გამოც ევროპულ ბაზარზე სოჭის თესლი გადამეტებით არის მიწოდებული. ეს კი თავისთავად მოთხოვნის შემცირებას იწვევს. წელს ამას ბუნებრივი პირობებიც დაემატა, ცუდი მოსავლიანობა იყო, რის გამოც ექსპორტზე პროდუქციის უმნიშვნელო რაოდენობა გავიტანეთ,” - ამბობს ბაბუნაშვილი.

კომპანია jadvari abies -ს დირექტორის ლევან დოლიძის შეფასებით კი, წელს საშუალო მოსავლიანობაა, თუმცა კრეფის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მისივე პროგნოზით 80 ტონამდე მოსავალს აიღებს.

„მოთხოვნა-რეალიზაციის პროცესში შეიძლება პატარა რყევები არის, მაგრამ არა საგანგაშო. ბოლო წლების განმავლობაში კლების ტენდენცია ნამდვილად შეინიშნება, მაგრამ ამას ობიექტური მიზეზი აქვს, მაგალითად ევროკავშირში არსებული კრიზისი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ექსპორტზე პროდუქციის კატასტროფულად მცირე რაოდენობა გადის. რაც შეეხება, ევროპულ ბაზარზე მარაგის შექმნას, ამ თესლის შენახვასაც თავისი ვადა აქვს, ამიტომ არსებული მარაგის გამო მოთხოვნის კატასტროფულად შემცირებას არ ველოდები,“ - აღნიშნა დოლიძემ.

მისივე ცნობით, წელს 1 კგ თესლი 1.20 ლარი ღირს, რაც გასული წლის ღირებულების ანალოგია.

რაჭული სოჭის თესლის ექსპორტს უკვე ათ წელზე მეტია, რამდენიმე დანიური, გერმანული და სხვადასხვა ევროპული კომპანია ეწევა. ყოველწლიურად ევროპაში 45 მილიონი ნაძვის ხე იყიდება და აღსანიშნავია, რომ მათგან 90 პროცენტი რაჭული თესლისგანაა გაზრდილი. თითოეული თესლიდან გაზრდილი ნაძვის ხეები კი საახალწლოდ ევროპის ქვეყნებში, საშუალოდ, 30 ევროდ იყიდება.

2014 წლის მონაცემებით, ბოლო 10 წელიწადში საქართველოდან აშშ-სა და ევროპის რვა ქვეყანაში ექსპორტის სახით სამ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების გირჩის თესლი გავიდა. მსოფლიოს 17 ქვეყნიდან კი საქართველოში 30 მილიონი ლარის საშობაო ნაძვის ხე შემოვიდა.

თაია არდოტელი