ამ ეტაპზე ყველა საოლქო კომისიაში 228 საჩივარია შესული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში 228 საჩივარია შესული.

12 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარი უბნის შედეგების ბათილობის თაობაზე.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განმარტა, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება, რომელთა ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. მისივე თქმით, ოლქში შეტანილ საჩივრებში ძირითადი მოთხოვნაა კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. საჩივრების ნაწილი შეეხება ხმის მიცემისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურებს.

საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. ყველაზე მეტი საჩივარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დაწერილი.

მიქელაძის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს კანონმდებლობით დადგილ ვადაში განიხილავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

გარდა ამისა, როგორც მიქელაძემ აღნიშნა, საარჩევნო უბნების უმეტესობიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ დროულად მიიღო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომელიც ეტაპობრივად იტვირთება და ხელმისაწვდომია ცესკოს სპეციალურ ვებ-გვერდზე.