ხელისუფლებამ ბიუჯეტის შევსების კიდევ ერთ წყაროს მიაგნო

პარლამენტში სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო ცვლილებები მზადდება , რომლის თანახმადაც საგადასახადო კოდექსსა და სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში ჩაიწერება, რომ მართალია სათამაშო ბიზნესი მოგებისა და სხვა გადასახადებისგან გათავისუფლდება, მაგრამ შეიცვლება სანებართო პირობები და მოსაკრებლის მოცულობა მნიშვნელოვნად (უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, - ასტრონომიულად) გაიზრდება.

სათამაშო ბიზნესისთვის მოსაკრებელი მილიონ ლარამდე იზრდება

პარლამენტში სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო ცვლილებები მზადდება, რომლის თანახმადაც საგადასახადო კოდექსსა და სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში ჩაიწერება, რომ მართალია სათამაშო ბიზნესი მოგებისა და სხვა გადასახადებისგან გათავისუფლდება, მაგრამ შეიცვლება სანებართო პირობები და მოსაკრებლის მოცულობა მნიშვნელოვნად (უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, - ასტრონომიულად) გაიზრდება.

ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ცვლილებების თანახმად სანებართვო მოსაკრებლის მინიმალური ზღვარი 50 ათასი ლარი, ხოლო მაქსიმალური - 1 მილიონი ლარით განისაზღვრება. მოქმედი ნორმით, სათამაშო ბიზნესის წარმოებისთვის ნებართვა ერთი წლის ვადით გაიცემა და მოსაკრებელი თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში 20 ათასი ლარია, რეგიონებში კი 12 ათასი ლარი. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ნებართვის ვადა 5 წლამდე გაიზრდება, სანებართვო მოსაკრებლის ზუსტ მოცულობას, დადგენილი ნორმის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო განსაზღვრავს.

ხელისუფლებაში აღიარებენ, რომ სურთ ამ ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების უფრო მოქნილი სისტემა შექმნან, რადგან ახლა მაკონტროლებელ ორგანოებს სათამაშო ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი მოგებისა და შემოსავლების კონტროლი უჭირს. ესპერტები კი ვარაუდობენ, რომ ამგვარი მიდგომა სათამშო ბიზნესის წვირილი მოთამაშეების ბაზრიდან გაქრობას გამოიწვევს, უკეთეს შემთხევევაში კი საკუთარ ბიზნესს იქ გადაიტანენ, სადაც მოსაკრებელი შედარებით მცირე იქნება.

მამუკა გუგეშაშვილი, (თბილისის საკრებულოს წევრი): ”შედეგებმა ცხადყო, რომ როდესაც სანებართვო მოსაკრებელი ცოტა ხნის წინ, თითო სათამაშო აპარატზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, სათამაშო ბიზნესიდან დამატებით 4 მილიონ ლარზე მეტი შევიდა ბიუჯეტში. გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის წვრილ-წვრილი ობიექტები სოკოებით არის მოდებული ყველგან. თავის დროზე, სწორედ ასეთი ობიექტების მომრავლებამ მნიშვნელოვნად გაზარდა იჯარის საფასური თბილისში. როდესაც ამდენი წვრილი ობიექტი აღარ იარსებებს, იჯარაც გაიაფდება და შესაძლებელი იქნება, მათ ადგილას სხვა ბიზნესის წამოწყება და განვითარება. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მომხრე ვარ, რომ მსგავსი ტიპის ობიექტები გავიტანოთ დედაქალაქიდან და სხვა მსხვილი ქალაქებიდან მოშორებით.

ძალიან ბევრ ქვეყანაში, ბიზნესის ამ სფეროს დასაბეგრად წლიური მსხვილი გადასახადი მოქმედებს. არის ქვეყნები, სადაც სათამშო ბიზნესი, როგორც ასეთი, ცალკე არ არსებობს და კომპლექსურად არის შერწყმული სარესტორნო ბიზნესთან. სხვაგვარად ძალიან რთულია გადასახადების ამოღების თვალსაზრისით აკონტროლო ეს ბიზნესი, ამიტომ ბევრგან მასზე მსხვილი ერთჯერადი მოსაკრებელია დაწესებული და ასე ხდება მისი ადმინისტრირება. ამის ყველაზე კარგ მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები და დანია გამოდგება, სადაც დიდი ქალაქებიდან დაახლოებით 60 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ასეთი სახის ობიექტები. იქაც ერთიან ლიცენზიას ყიდულობს სათამაშო ბიზნესის წამოწყების მსურველი და ამ ერთჯერად გადასახადში შედის ყველანაირი გადასახადი. მართალია, ჩვენთან დამატებით ცალკე სანებართვო მოსაკრებელია გადასახდელი და ცალკე სათამაშო აპარატის ე.წ. ”ბირკის” ანუ ნიშნის გადასახადი.

ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ეს ბიზნესი ალბათAგამსხვილდება, მათი კონტროლიც უფრო იოლი იქნება და ბიუჯეტიც მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებს. შემდეგ ეს ფული ადგილობრივ თვითმმართველობებს დარჩება და მოსახლეობას მოხმარდება.

ყველაზე რთული ამ ბიზნესში მოგების გადასახადის კონტროლია. შესაძლოა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი იქვე იჯდეს, მაგრამ ვერ გააკონტროლოს სათაშო ბიზნესის კონკრეტული ობიეტის მოგებისა და შემოსავლების მოცულობა. თუ გახსოვთ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი ასეთი ობიექტი დაჯარიმდა შემოსავლების სამსახურის მიერ და მიზეზიც სწორედ ეს იყო.

სერთოდ, ობიექტების ქალაქგარეთ გატანა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ძალიან კარგი საშუალებაა. მაგალითად აჭარაში, კერძოდ ბათუმში, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ბევრი ტურისტი მხოლოდ იმიტომ ჩამოდის, რომ ზღვის კურორტზე დასვენებასთან ერთად კაზინოშიც ითამაშოს. თბილისში არსებულ რამდენიმე სამორინეშიც, ისრაელიდან სპეციალური ავიარეისები ხორციელდება, რომლითაც კაზინოში თამაშის მოყვარულები ჩამოდიან.”

მოქმედი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების განაკვეთები სანებართვო მოსაკრებლის გარეშე:

კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 15 000 ლარიდან 30 000 ლარის ჩათვლით.

თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 600 ლარიდან 1200 ლარის ჩათვლით.

ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე - კვარტალში 1500 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით.

თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%.

სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშობაზე - კვარტალში 12 000 ლარიდან 90 000 ლარის ჩათვლით.

ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა.

P.S. აზარტული თამაშების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ და ვერ ვიტყვი, რომ სათამშო ბიზნესის წვრილი ობიექტების დახურვა დიდად მაზარალებს, მაგრამ მსგავსი რადიკალური ცვლილება ალბათ ბევრ რამეს ამ ბიზნესში თავდაყირა დააყენებს და უმუშევართა რაოდენობას ქვეყანაში კიდევ უფრო გაზრდის.

წყარო „კვირის პალიტრა"