„ვითიბი ბანკი“ ამერიკულ მხარეს ჯარიმის სახით 5 მილიონ დოლარს გადაუხდის

რუსული „ვითიბი ბანკი“ აშშ-ის სასაქონლე ფიუჩერსების ვაჭრობის კომისიას (CFTC) ჯარიმის სახით 5 მილიონ დოლარს გადაუხდის.

ამის შესახებ ბანკის პრეზიდენტმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა.

CFTC-მა რუსული ბანკი და საინვესტიციო ბანკი „ვითიბი კაპიტალი“ ფიქტიური გარიგებებისთვის დააჯარიმა. CFTC-ის განცხადებით, 2010 წლის დეკემბრიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით „ვითიბი ბანკმა“ და „ვითიბი კაპიტალმა“ ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე 100-ზე მეტი სავაჭრო გარიგება განახორციელეს, რამაც ჯამში 36 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კერძოდ, საუბარია ბანკის მიერ სავალუტო რისკების დაზღვევასა და კონტრაქტში მითითებულ ფასებზე, რომელიც საბაზრო რეალობას არ შეესაბამებოდა.