რუსეთში ღვინის აქციზზე ფასის ზრდა იგეგმება - როგორ აისახება ეს ქართული ღვინის ბაზარზე?

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ღვინოსა და თამბაქოზე აქციზის ფასის გაზრდას მოითხოვს.

უწყებამ შესაბამისი დოკუმენტი მთავრობას უკვე წარუდგინა, რომელიც აქციზის ფასის გაორმაგებას ითვალისწინებს. აქციზის გაზრდა დაგეგმილია თითქმის ყველა სახის ღვინოზე, ცქრიალა და ხილის ღვინოების გარდა.

დოკუმენტის თანახმად, 1 ლიტრ იმპორტირებულ პროდუქციაზე აქციზი 9-დან 18 რუბლამდე გაიზრდება, ხოლო რუსეთში წარმოებულზე - 5-დან 10 რუბლამდე. როდის შევა ძალაში ეს ცვლილება, ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ რუსულ მედიაში წერენ, რომ მთავრობა პროექტზე უკვე მუშაობს.

ქართველი მეღვინეების თქმით, აქციზის ზრდა ქართული ღვინის ექსპორტზეც უარყოფით გავლენას მოახდენს და რეალიზაციაზეც.

„დღეს რუსეთში აქციზის ფასი გაცილებით დაბალია, ამიტომ, მისი გაძვირება ჩვენს ბიზნესზე უარყოფითად აისახება. აქციზის გაზრდა ჩვენი პროდუქციის ფასის გაძვირებას გამოიწვევს, რასაც ღვინის რეალიზაციის შემცირება მოჰყვება - ამის გამოცნობა საკმაოდ ადვილია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს „დუგლაძის ღვინის კომპანიის“ ხელმძღვანელმა ზაზა დუგლაძემ.

მისი თქმით, ქართული ღვინის ფასი რუსეთში დღესაც საკმაოდ მაღალია და ესპანურ ან ფრანგულ ღვინოზე იაფი არ ღირს.

„აქციზის გაზრდით ჩვენი ნაწარმის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს და ევროპული ბრენდებისთვის კონკურენციის გაწევა ძალიან გაგვიჭირდება. მოკლედ, თუ ეს ჩანაფიქრი განხორციელდება, საქმე ძალიან გაგვირთულდება“, - აღნიშნავს დუგლაძე.

„თელავის ღვინის მარნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი - ზურაბ რამაზაშვილი კი მიიჩნევს, რომ აქციზის გაძვირებით შედარებით იაფფასიანი ღვინის რეალიზაცია მოიმატებს.

„აქციზი ყველა ტიპის ღვინოზე გაიზრდება და არ იქნება პრეფერენცია წარმოშობის მიხედვით, მაშინ ღვინის ფასი ზოგადად მოიმატებს, ეს შეეხება როგორც ქართულ ღვინოს, ასევე ესპანურს, ჩინურს და ფრანგულსაც... ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნილება დაბალ საფასო სეგმენტში გადაინაცვლებს. ამიტომ, მოგებული დარჩება ქართული ღვინის ის კატეგორია, რომელიც დაბალ საფასო სეგმენტში შედის. აქციზი ნიშნავს ფასის მატებას, ფასის მატება კი თავისთავად ნიშნავს, რომ მოხმარება დაბალფასიან სეგმენტში გადადის, ასე რომ, იაფ საფასო სეგმენტს ეს ცვლილება ნაკლებად შეეტყობა. ასეა თუ ისე, მოვლენებს უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, ეს საკითხი როგორ გადაწყდება“, - აცხადებს „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი.

ხათუნა ჩიგოგიძე