ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში, 51 წლის თემურ კაკაურიძე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, შემთხვევა 7 ოქტომბერს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს, მე-6 უბანზე მოხდა.
„როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დილით, 07:00 საათზე, როდესაც შახტაში დილის ცვლის მეშახტეები ჩავიდნენ, იგი უკვე გარდაცვლილი იყო. სავარაუდოდ, მან გონება დაკარგა და წაიქცა. გარდაცვლილს სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა“, - განაცხადა დოლაბერიძემ.
მისივე თქმით, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
“მუშების განცხადებით, წინა დღეებში შახტაში „დაგაზიანება იყო“, ანუ ნახშირორჟანგი იყო დაგროვილი“, - აღნიშნა დარგის პროფკავშირის თავმჯდომარემ.
დოლაბერიძის ინფორმაციით, თემურ კაკაურიძემ შახტაში მუშაობა სამი თვის წინ დაიწყო.