ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ოლივერ ჰარტსა და ბენგტ ჰოლმსტრიომს გადაეცათ

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომისტს ოლივერ ჰარტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორს ბენგტ ჰოლმსტრიომს გადაეცათ.

„ბიბისის“ ცნობით, ეკონომისტებს ნობელის პრემია კონტრაქტების თეორიაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭათ.

როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ოლივერ ჰარტმა და ბენგტ ჰოლმსტრიომმა შექმნეს კონტრაქტების თეორია, რომელიც რეალურ ცხოვრებაში სხვადასხვა ინსტიტუტებსა და აგენტებს შორის კონტრაქტების დადების მექანიზმის გაანალიზებას ამარტივებს.

თეორია ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტოპ-მენეჯერების ხელფასი მათ მიერ გაწეული შრომის საფუძველზე, ფრანშიზები და დაზღვევის დანამატი, ასევე კერძო სექტორის პრივატიზაცია.

„მსგავსი კონტრაქტები ხშირად იწვევს ინტერესთა კონფლიქტს. ამიტომ ჰარტისა და ჰოლმსტრიომის ახალ თეორიას უმნიშვნელოვანესი მნიშვნელობა აქვს კონტრაქტების გაანალიზებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კონტრაქტი სწორად იქნეს შედგენილი და ყველა მხარე იყოს დაცული“, - ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

კომიტეტი გამარჯვებულებს 8 მილიონ შვედურ კრონას გადასცემს.

გასულ წელს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ბრიტანელ მეცნიერს ენგუს დიტონს მიენიჭა. პრინსტონის უნივერსიტეტის 69 წლის პროფესორმა პრემია „მოხმარების, სიღარიბისა და კეთილდღეობის ანალიზისთვის“ მიიღო.

ეკონომიკაში ნობელის პრემია 1968 წელს, შვედეთის ცენტრალური ბანკის მიერ დაწესდა. პრემიის დაწესება ბანკის 300 წლისთავს მიეძღვნა.