კობა გვენეტაძე - არის რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია, რომელმაც შესაძლებელია, გაცვლითი კურსის დროებითი ჭარბი ცვლილებები გამოიწვიოს

ამჟამად არის რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია, რომელმაც შესაძლებელია, გაცვლითი კურსის დროებითი ჭარბი ცვლილებები გამოიწვიოს , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ქართულენოვან Forbes Banker-თან ინტერვიუში განაცხადა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სებ-ის სავალუტო ინტერვენციების მიზეზები განმარტა.

„მოკლედ თუ ვიტყვით, ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესების პირობებში ჩარევა კონტრპროდუქტიულია, მაგრამ ჩარევა შესაძლებელია თუ ბაზარზე ცალკეული ერთჯერადი ფაქტორები ახდენს გავლენას“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისი განმარტებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველომ საგრძნობი საგარეო შოკი გადაიტანა, რომელიც უკვე ასახულია ლარის გაცვლით კურსზე და თუ ახალი მოცულობითი შოკი არ წარმოიქმნა, ფუნდამენტური ფაქტორებიდან გაცვლით კურსზე ზეწოლა ამოწურულია.

„თუმცა ამჟამად არის რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია, რომელმაც შესაძლებელია, გაცვლითი კურსის დროებითი ჭარბი ცვლილებები გამოიწვიოს. ამას ემატება წინასაარჩევნო პერიოდი, რაც სავალუტო ბაზარზე გაურკვევლობას ზრდის. ნაკლებად განვითარებული ფინანსური ბაზრის პირობებში, როგორიც ამჟამად საქართველოშია, დასაშვებია ეროვნული ბანკის ჩარევა კურსის ზედმეტი მერყეობის შემცირების მიზნით. მომავალში ბაზრის განვითარებასთან ერთად, ეროვნული ბანკის მსგავსი ინტერვენციების საჭიროება შემცირდება და ბაზარი თვითონ დააბალანსებს ასეთ შემთხვევებს, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.