კობა გვენეტაძე - არ არის კარგი, როდესაც გყავს უკმაყოფილო მსესხებლების არმია, რომლებმაც ვერ შეძლეს თანხის დაბრუნება

არ არის კარგი, როდესაც გყავს უკმაყოფილო მსესხებლების არმია, რომლებმაც ვერ შეძლეს სესხების დაბრუნება და გამოსავალს იმაში ეძებენ, რომ სესხები ჩამოიწერონ , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ქართულენოვან Forbes Banker-თან ინტერვიუში განაცხადა.

კობა გვენეტაძემ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, საგარეო შოკებზე და აღნიშნა, რომ ეს შოკები ალბათ, ყოველთვის იქნება, მთავარია ის, როგორ შევხვდებით გამოწვევებს.

„საგარეო შოკები ალბათ ყოველთვის იქნება. შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც. მთავარია, ჩვენ როგორც შევხვდებით გამოწვევებს“, - განაცხადა კობე გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეროვნულმა ბანკმა გარკვეულწილად შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, მაგრამ საჭიროა, ის უფრო გაძლიერდეს, რათა კიდევ უფრო უკეთ შეასრულოს საკუთარი ფუნქცია.

მისივე თქმით, არ არის კარგი, როდესაც გყავს უკმაყოფილო მსესხებლების არმია, რომლებმაც ვერ შეძლეს სესხების დაბრუნება და გამოსავალს იმაში ეძებენ, რომ სესხები ჩამოიწერონ.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც ეროვნულ ბანკს დამატებთი ბერკეტები უნდა გაუჩინოს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, უკვე მომზადებულია და მას, სავარაუდოდ, მომავალი მოწვევის პარლამენტი განიხილავს. დამატებით ბერკეტებში კი იგულისხმება ეროვნული ბანკის შესაძლებლობა, უფრო სრულყოფილად შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად ასრულებენ ფინანსური ინსტიტუტები სხვადასხვა პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებას.

„სიახლეების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა ერთი საერთო აქვს: ეს ცვლილებები ეროვნულ ბანკს მისცემს საშუალებას, უფრო ქმედითი იყოს, მოითხოვოს გამსესხებელი ორგანიზაციისგან, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს პროდუქტებისა და მათგან მომავალი შესაძლო რისკების შესახებ“, - განაცხადა გვენეტაძემ.

კითხვაზე, რამდენად კმაყოფილები დარჩებიან ცვლილებებით ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები, კობა გვენეტაძის თქმით, ისინი ყოველთვის არ არიან ბედნიერები მსგავსი ცვლილებებით.

„მაგრამ ჩემი მხრიდან პასუხი ასეთია: უმჯობესია, მსესხებელმა წინასწარ იცოდეს ყველა რისკი და ბოლოს არ აღმოჩნდეს სიურპრიზების წინაშე. არის ასეთი გამოთქმა - „ინფორმირებული კლიენტი საუკეთესო კლიენტია.“ ბანკების შემთხვევაში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რაც უკეთ არის ინფორმირებული მსესხებელი, მით უფრო ნაკლებადრისკიანია ის. ამიტომ მომხმარებელთა დაცვა ორივე მხარის ინტერესშია“, - განაცხადა გვენეტაძემ და დასძინა, რომ მისი სურვილია „ორივე მხარე ბედნიერი იყოს“.