ოქროს ფასი მინიმუმამდე დაეცა

ოქროს ფასმა 2015 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა.

ნიუ იორკის Comex-ის ბირჟაზე ოქროს ფიუჩერსები 5%-ით დაეცა და უნციაზე 1251,9 აშშ დოლარამდე შემცირდა. ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება ვერცხლის ფასთან მიმართებაშიც, სადაც გასული კვირის ბოლოს ვეცხლის ფასი რეკორდული 9.6%-ით დაეცა.

Goldman Sachs-ის ექსპერტები ამბობენ, რომ ოქროს ფასის მკვეთრი ვარდნა მიმდინარე წლის დეკემბერში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საბაზისო განაკვეთის სავარაუდო ზრდას უკავშირდება.

Goldman Sachs-ის ახალი ანგარიშის თანახმად, თუ ოქროს ღირებულება უნციისთვის 1 250 აშშ დოლარზე ნაკლები იქნება, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ძვირფას მეტალში ინვესტირებისთვის.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის შესაძლო გადაწყვეტილების მიუხედავად, ოქროზე მოთხოვნა არ შემცირდება.

ინვესტორები კი მიიჩნევენ, რომ ოქროს ფასის ვარდნის ტენდენცია უახლოეს მომავალში შენარჩუნდება, რადგან მდგრადობა აშშ-ის შრომის ბაზარზე და მომსახურების სექტორში აქტივობის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ მსოფლიო ეკონომიკა სტაგნაციიდან გამოდის.