ექსპერტები საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებს აფასებენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზრდება. მსოფლიო ეკონომიკის ახალი ანგარიშის მიხედვით, გაუმჯობესებულია მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და საქართველოსთან მიმართებაში აღნიშნული მონაცემი 2, 5%-ის ნაცვლად 3,4%-ს შეადგენს.

ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილს ქვეყანაში არსებული მაკრო-ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მსგავსი პოზიტიური პროგნოზების გაკეთება უჭირს და სავალუტო ფონდის მოლოდინები გადაჭარბებულად მიაჩნია.

გრასის ანალიტიკოსს მომავალი წლისთვის, სავალუტო ფონდის პროგნოზზე რეალისტურად საქართველოს მთავრობის მიერ ნავარაუდევი 4%-იანი ეკონომიკური ზრდა მიაჩნია. ექსპერტი სოსო არჩვაძე კი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებას მთლიანად რეგიონში პოზიტიური მოლოდინების გავლენას უკავშირებს.

2017 წელს საქართველოს მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 2018-19 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ია, ხოლო 2020 წლის კი - 5,5%. 2016 წლის ეკონომიკური ზრდა 3%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუმცა უკვე ცნობილია მიმდინარე წლის 8 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 2,7%-ს უდრის.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე