„პატრიოტთა ალიანსი“ სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს

„პატრიოტთა ალიანსი“, როგორც საარჩევნო ბარიერგადალახული პარტია სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს. აღნიშნულს “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ითვალისწინებს.

კანონმდებლობის მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტები - არჩევნებში მონაწილე ძალები, რომლებიც მოსახლეობის მინიმუმ 5%-ის მხარდაჭერას მიიღებენ, წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

„საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად“, - ნათქვამია “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 56-ე მუხლში.

ინფორმაციისთვის, “პატრიოტთა ალიანსის” მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების ოდენობა 2 134 515 ლარს შეადგენს.

სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებენ არჩევნებში ბარიერგადალახული სხვა სუბიექტებიც. კერძოდ, „ქართული ოცნება“, რომელმაც წინასაარჩევნოდ 13 498 020 ლარი დახარჯა და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა 1 921 091 ლარია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5 %-იანი ბარიერი სწორედ აღნიშნულმა სამმა პარტიამ გადალახა.