ცესკო-მ 6 საარჩევნო უბანზე შედეგები გააბათილა

5 საარჩევნო უბნის შედეგები პროპორციულ და მაჟორიტარულ ნაწილში, ხოლო ერთი უბნის შედეგები მხოლოდ პროპორციულ ნაწილში გაბათილდა.

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო უბნის შედეგების შემაჯამებელი ოქმები, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილადაა ცნობილი დმანისის მე-8 და მე-14, დიდუბის 14 და 26-ე და მარნეულის 48-ე საარჩევნო უბნებში, ხოლო მარნეულის 34-ე საარჩევნო უბანში პროპორციული შედეგების ოქმი გაბათილდა.

”ამ ეტაპზე ცესკოში მონაცემების გადამოწმებისა და განახლების პროცესი მიმდინარეობს. მონაცემები, რომლებიც განთავსებულია საარჩევნო კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე, მუდმივად იცვლება, რადგან ეს არის მხოლოდ პირველადი მონაცემები. საჩივრები შესულია საოლქო-საარჩევნო კომისიაში. საჩივრები დაწერილია ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. ამ ეტაპზე საოლქო-საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს. საღამოს მონაცემებით საოლქო-საარჩევნო კომისიებმა განიხილეს და 5 საარჩევნო უბნის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ბათილადაა ცნობილი. საუბარია როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე. ამას ემატება მეექვსე ოქმი, რომელიც მარნეულის 34-ე საარჩევნო უბნისაა. ეს არის პროპორციული შედეგების ოქმი, რომელიც საოლქო-საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით ბათილადაა ცნობილი. საერთო ჯამში 5 უბნის შედეგები ბათილად არის ცნობილი პროპორციულ და მაჟორიტარულ ნაწილში, ხოლო ერთი უბნის შედეგები მხოლოდ პროპორციულ ნაწილში”, - განმარტა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, საოლქო-საარჩევნო კომისიებიდან მიღებული შესაბამისი განკარგულებებით მოხდება მონაცემების განახლება ცესკოს შედეგების ვებგვერდზე.