გია ხუხაშვილი - ჩვენი ეკონომიკა დაპაუზებულია

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უკვე ისტორიის კუთვნილებაა. როგორ აისახება ეს არჩევნები საქართველოს ეკონომიკაზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე?

- ამ შეკითხვით „ბიზნესპრესნიუსმა“ ქართველ ეკონომისტებს მიმართა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ გადაჭარბებული ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ხედავს.

„გამოგიტყდებით, მე არც ზედმეტი ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს და არც დრამატიზმის: ეკონომიკის სუსტი განვითარება და სისტემური ცვლილებების არარსებობა მაინც და მაინც კარგ განწყობაზე არ მაყენებს. ისიც საწყენია, რომ არჩევნებამდე და მის შემდეგ გრძელვადიანი განვითარების რეალური გზა ვერ დავინახეთ. ჩვენ ვნახეთ მხოლოდ დეკლარირება ოპტიმისტური სცენარებისა, მაგრამ ეს მხოლოდ სცენარებია, ამიტომ ოპტიმიზმის საფუძველს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ პროცესებზე უარყოფით გავლენას არასტაბილურობის განცდაც ახდენს და არჩევნების შემდეგ ეს განცდა მოიხსნა, მაგრამ მაინც. ჩვენი ეკონომიკა დაპაუზებულია, ამას თუ დავუმატებთ არასახარბიელო სოციალურ მდგომარეობას, ხელისუფლებას წინ რთული გამოცდა ელის“, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

ექსპერტის აზრით, „დღევანდელი ხელისუფლება უცხოელი ინვესტორებისთვის მიუღებელი არ არის, ის ყველანაირად ცდილობს მათ ნორმალური პირობები შეუქმნას, მაგრამ რეალური ძვრები ეკონომიკაში ჯერ კიდევ არ ჩანს. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ტიპის ძვრებს ახლო მომავალში მაინც დავინახავთ“.

სიტუაციის შეფასება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ავთო სილაგაძესაც ვთხოვეთ.

ავთო სილაგაძის თქმით, არჩევნების პერიოდი ეკონომიკაზე ყოველთვის მოქმედებს, რადგან ეს მოლოდინის პერიოდია და ყველაფერზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

„ის სიფრთხილე, რომელიც ყოველთვის ახლავს არჩევნების წინა პერიოდს, ახლაც იგრძნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გამოკვეთილი იყო ძალა, რომელიც გაიმარჯვებდა, ეს მაინც იგრძნობოდა როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს შორის. არჩევნების დასრულების შემდეგ უკვე სხვა მოლოდინი გაჩნდა - მოლოდინი იმისა, რომ ძირითადი გეგმები, რომელიც გამარჯვებულმა ძალამ დაისახა, უნდა შესრულდეს“, - აღნიშნავს ავთო სილაგაძე.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესისთვის დახარჯულ თანხას, ავთო სილაგაძის თქმით, უკეთესი იქნებოდა ეს ფული ეკონომიკაში დახარჯულიყო.

„პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ხშირად აკრიტიკებენ იმ თანხის გამო, რომელსაც ისინი საარჩევნო სამზადისში ხარჯავენ, მაგრამ არჩევნები ამის გარეშე წარმოუდგენელია. სამაგიეროდ, მმართველი გუნდი უკვე ცნობილია და მოსახლეობას შეუძლია თვალი ადევნოს იმ პროგრამის განხორციელებას, რომელიც მან დაისახა. გამარჯვებულ ძალას საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით. მე ვფქირობ, რომ სწორი მართვის შემთხვევაში ეს ჩანაფიქრიც უნდა განხორციელდეს და ეკონომიკური მდგომარეობაც უნდა გაუმჯობესდეს. არჩევნების მეორე ტურიც რომ დასრულდება, გამარჯვებულმა ძალამ სერიოზულად უნდა მიხედოს ქვეყნის ეკონომიკას, მით უმეტეს, რომ ის ხალხმა მეორე ვადით აირჩია“, - ამბობს ავთო სილაგაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე