საქართველოში შესაძლოა, ტყემლის წვენის ფელამუშისა და ხურმის ჩირის ჩურჩხელის წარმოება დაიწყოს

საქართველოში არსებული ერთადერთი ხურმის საშრობი საწარმოს მფლობელი გია ღაჭავა წარმოების გაფართოებას და მომავალი წლისთვის ახალი პროდუქციის წარმოებას გეგმავს.

მომავალი წლიდან გია ღაჭავა ტყემლის წვენის ფელამუშისა და ხურმის ჩირისგან დამზადებული ჩურჩხელისა და ხურმის ჩირის ფელამუშის წარმოებას აპირებს.

როგორც ღაჭავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ამ დროისთვის 30 ტონამდე ხურმა უკვე აქვს, თუმცა ხურმის კრეფის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სამომავლოდ სურს წარმოება ათას ტონამდე გაზარდოს.

„ხურმის ძალიან დიდი რესურსია საქართველოში, თუმცა ეს საწარმო ამ სფეროში ერთადერთია. თუ მსგავსი საწარმოები არ გაკეთდა, ხურმის ჩირს ფასი არა აქვს. არადა მოთხოვნა ძალიან დიდია, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე. თუმცა, უკვე მაისის მერე ხურმა აღარ არის ხოლმე, ამიტომ განსაკუთრებით საჭიროა, რომ ბევრი საწარმო გაკეთდეს,“ - აღნიშნა ღაჭავამ.

საწარმო, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში გასულ წელს ამოქმედდა, მიღებული 30 ტონა ხურმისგან 6 ტონა ხურმის ჩირს ამზადებს, რომლის ფასიც 1კგ.-ზე დაახლოებით 5 ლარს შეადგენს.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 160-180 ათასამდე ლარი იყო. აქედან 60 ათასი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.

საწარმოს მფლობელის გია ღაჭავას ცნობით, საწარმოში 20-30 ადამიანია დასაქმებული.

თაია არდოტელი

იხილეთ ინგლისური ვერსია: New type of Churchkhela and Pelamushi may appear on Georgian market