დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ გუდაურში კურორტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნობა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხვალ გუდაურს ეწვევა და კურორტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნობა.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, გუდაურის სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის განვითარების საერთო პოტენციალის ზუსტი დადგენისთვის კანადურმა კომპანია „ეკოსაინმა“ მიწათსარგებლობისა და განვითარების გენერალური გეგმა შეიმუშავა.

”ეს არის ფუნდამენტური დოკუმენტი კურორტის სწორი დაგეგმარებისა და განვითარების კუთხით. გეგმა მოიცავს განვითარების ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს, როგორიცაა საბაგიროების განლაგება და მშენებლობა, სათხილამურო გზების მომზადება, საჭირო აღჭურვილობის ეფექტური რაოდენობის განსაზღვრა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობა, ავტოსადგომის, გასართობი და კვების ობიექტები, მოთხილამურთა ოპტიმალური პოზიციონირება, სანიაღვარე გეგმა და სხვა”, - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, განვითარების გეგმის პირველი ეტაპი მოიცავს 2400 მეტრიანი, 6-კაციანი ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს მშენებლობას.

პირველი ვიცე-პრემიერი დაათვალიერებს როგორც საბაგიროს, ასევე სასტუმროების მშენებლობის პროცესს.