"ცენტრ პოინტის" საქმეზე ადვოკატებმა სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით იშუამდგომლეს

ჩვენ არ ვართ საზოგადოებისთვის საშიში პირები. ამის შესახებ "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელზეც ”ცენტრ პოინტის” საქმის ე.წ. ”ბათუმის მაგნოლიის” ეპიზოდი განიხილება. საქმეზე ბრალდებულების, "ცენტრ პოინტის" ხელმძღვანელის მაია რჩეულიშვილის, "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გურამ რჩეულიშვილისა და "ცენტრ პოინტ აჭარას" ხელმძღვანელის ირაკლი მინდელის ადვოკატებმა სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით იშუამდგომლეს.

კერძოდ, მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება, ხოლო ირაკლი მინდელის ინტერესების დამცველმა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50 ათას ლარიანი გირაოს ჩანაცვლების შუამდგომლობა დააყენა.

რაც შეეხება "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გურამ რჩეულიშვილს, მისმა ადვოკატმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით მიმართა, ალტერნატივის სახით კი მოსამართლეს 150 ათას ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა, რომლის უზრუნველყოფაც, როგორც ადვოკატმა განმარტა, გურამ რჩეულიშვილის მეუღლის უძრავი ქონებით, კერძოდ საცხოვრებელი სახლით მოხდება. მოსამართლეს თავად ბრალდებულმაც მიმართა.

"ჩვენ შემთხვევაში საქმე ეკონომიკური დანაშაულის ჩადენას ეხება და არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამიტომ ჩვენ ჯერ დამნაშავეები არ ვართ. ჩვენ არ ვართ საზოგადოებისთვის საშიში პირები. რაც შეეხება გირაოს უზრუნველყოფას, იმიტომ ვდებ ჩემი ცოლის სახლს გირაოში, რომ კიდევ უფრო გავამყარო, ჩემი მხრიდან მიმალვის საფრთხის არ არსებობა. ამ სახლში ჩემს მეუღლესთან ერთად სამი ბავშვი ცხოვრობს და შესაბამისად, ალბათ ხვდებით, რომ არსად არ გავიქცევი", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.