Android დეველოპერი - მომავლის პროფესია

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, მობილური აპლიკაციების ბაზარი ევროკავშირში 2018 წლისთვის სამჯერ გაიზრდება და 18,7 მილიარდ ევროს მიაღწევს მაშინ, როცა 2013 წელს ეს მაჩვენებელი 6,1 მილიარდი ევრო იყო

მობილური მოწყობილობების ბაზრის აქტიურ ზრდასთან ერთად, სწრაფად იზრდება მეორე, შედარებით „ახალგაზრდა“ - მობილური აპლიკაციების ბაზარი. ამ სეგმენტის ზრდის ტემპები იმდენად სწრაფია, რომ ექსპერტთა შეფასებით, უახლოეს წლებში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და მომგებიანი გახდება ინვესტორებისთვის.

დღესდღეობით აპლიკაციების სექტორი გასცდა მხოლოდ ვიწრო ინდუსტრიას და აქტიურია არა მხოლოდ თამაშების, გართობისა და მედიის სფეროში, არამედ საბანკო, რითეილის, ავიაკომპანიების, სამთავრობო სააგენტოებისა და მომსახურების სფეროში.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, მობილური აპლიკაციების ბაზარი ევროკავშირში 2018 წლისთვის სამჯერ გაიზრდება და 18,7 მილიარდ ევროს მიაღწევს მაშინ, როცა 2013 წელს ეს მაჩვენებელი 6,1 მილიარდი ევრო იყო.

AppAnnie-ს მონაცემებით კი, მიმდინარე წელს აპლიკაციების მსოფლიო ბაზარი 2015 წელთან შედარებით,  24%-ით გაიზრდება და წლიური შემოსავალი ჯამში დაახლოებით 51 მილიარდ დოლარს მიაღწევს. 2020 წლისთვის კი აპლიკაციების გლობალური ბაზრის შემოსავალი 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

აპლიკაციების ბაზარზე მოთხოვნა გაიზრდება არა მხოლოდ ისეთ მსხვილ ქვეყნებში, როგორიც აშშ და ჩინეთია, არამედ განვითარებად ბაზრებზეც, როგორებიც არგენტინა, ინდონეზია და თურქეთია.

ამავე ანგარიშის თანახმად, სმარტფონებისა და ტაბლეტების მომხმარებელთა თითქმის 70% ყოველდღიურად იყენებს სხვადასხვა აპლიკაციას. ჩამოტვირთული აპლიკაციების რაოდენობა კი წლიურად თითქმის 200 მილიარდია.

ექსპერტთა თქმით, მობილური აპლიკაციები მნიშვნელოვანი მექანიზმი გახდა მომხმარებელთან უფრო ეფექტური ურთიერთობისთვის, დინამიკური კონკურენციისა და ახალი საბაზრო მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. ბოლო პერიოდში ამერიკასა და ევროპაში მომხმარებლები აპლიკაციების მეშვეობით უფრო მეტ შენაძენს აკეთებენ, ვიდრე ვებ-ბრაუზერით.

აპლიკაციების მზარდი ბაზრიდან გამომდინარე, გაიზარდა ანდროიდ აპლიკაციების დეველოპერებზე მოთხოვნა. შესაბამისად, IT ინდუსტრიაში ეს პროფესია დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადის პარალელურად, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია. ცხადია, ანაზღაურება დეველოპერის კვალიფიკაციისა და გამოცდილებისგან გამომდინარეობს, თუმცა დამწყები ანდროიდ დეველოპერსაც კი პრაქტიკულად დასაქმებისა და მაღალი ანაზღაურების 100%-იანი გარანტია აქვს ბაზარზე.

აშშ-ში ანდროიდ დეველოპერების საშუალო ანაზღაურება საათში 168 დოლარია, ავსტრალიაში - 110 დოლარი, დიდ ბრიტანეთში 70 დოლარი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი 35 დოლარი.

Android - ეს არის მსოფლიოს წამყვანი და ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური კომპანია Google-ის ფართოდ გავრცელებული ოპერაციული სისტემა მობილური მოწყობილობებისთვის. IT სფეროს წარმომადგენელთა განცხადებით, რეალობიდან გამომდინარე, როცა ფაქტობრივად, უკვე წარმოუდგენელია მობილური მოწყობილობების გარეშე ცხოვრება, ამ პროფესიის შერჩევის შემთხვევაში, მომავალი ანდროიდ დეველოპერი სამსახურის გარეშე არასდროს დარჩება.

bpnანდროიდ დეველოპერებზე მოთხოვნა მზარდია საქართველოშიც, სადაც ეს ბაზარი შედარებით ახალბედაა.

„საქართველოში ეს პროფესია პიკშია. მობილური ადამიანებისთვის იქცა პირად ნივთად, რომელმაც ჩაანაცვლა ტელევიზორი და კომპიუტერიც კი. შესაბამისად, ადამიანები მუდმივად გამოიყენებენ მობილურ მოწყობილობას. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა აპოლიკაციებზე ძალიან გაზრდილია ახლა უკვე საქართველოშიც. ყველა ბიზნესისთვის, ყველა მომსახურებისთვის და მომხმარებლისთვის საინტერესოა ჰქონდეს აპლიკაციები“, - ამბობს IT სპეციალისტი შავლეგო კაპანაძე.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ანდროიდის აპლიკაციებს წერს შედარებით ნაკლები დეველოპერი, ვიდრე არის მოთხოვნა, ამ პროფესიის ადამიანების ანაზღაურება მაღალია.

„ანდროიდ დეველოპერები სამ კატეგორიად იყოფა - უმცროსი დეველოპერი, დეველოპერი და უფროსი დეველოპერი. შესაბამისად, ანაზღაურებაც განსხვავებულია. თუმცა, უმცროსი ანუ დამწყები დეველოპერისთვის ხელფასიც კი საკმაოდ მაღალია საქართველოში“, - აღნიშნავს შავლეგო კაპანაძე.

სხვა პროფესიებისგან განსხვავებით, ანდროიდ დეველოპერების უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მათ შეუძლიათ დასაქმდნენ ე.წ. აუთსორსზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აპლიკაციების დამზადება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მდებარე კომპანიისთვის შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად.

თუმცა ჭარბი მოთხოვნის ფონზე, საქართველოში ეს სპეციალობა ინტენსიურად არ ისწავლება. ცოტა ხნის წინ გახნილ „სილიკონ ველი თბილისში“ მდებარე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთ-ერთია, რომელიც ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს შეისწავლონ Android App დეველოპერისთვის საჭირო უნარები და ბაზარზე მოთხოვნად, მაღალანაზღაურებად პროფესიას დაეუფლონ.

უნივერსიტეტი გადამზადების პროგრამის ფარგლებში ანდროიდის მომავალ დეველოპერებს 4-თვიან კურსებს სთავაზობს, სადაც მათ აპლიკაციების დამზადებას IT სფეროს წამყვანი სპეციალისტები შეასწავლიან.

„ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ საბაზო ცოდნის შეძენას მათთვის, ვისაც მანამდე არ ჰქონია შეხება პროგრამირებასთან. ჩვენი კურსის შემდეგ კი ამ ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ ანდროიდ დეველოპერები“, - აღნიშნავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანი ნინო ენუქიძე.

გარდა ამისა, უნივერსიტეტში მოქმედებს დასაქმების 10 მილიონიანი ვაკანსიების ბაზა, რომელზეც უნივერსიტეტის სტუდენტებსა და გადამზადების პროგრამაში მონაწილეებს აქვთ წვდომა.