ჩინეთში iPhone 7 აფეთქდა

ხენანის პორვინციაში მდებარე ქალაქ ჩჟენჩჟოუს ერთ-ერთ მცხოვრებს iPhone 7 აუფეთქდა.

ჩინური მედიის ცნობით, ჩინურ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სმარტფონის მფლობელი ამბობს, რომ მოწყობილობა ვიდეოკამერის გამოყენების დროს აუფეთქდა. მომხმარებლის თქმით, სმარტფონი ორ ნაწილად გასკდა და მფლობელი დააზიანა. მამაკაცმა სახისა და ხელის ტრავმა მიიღო.

ჩინური მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთში ეს iPhone 7-ის აფეთქების პირველი შემთხვევაა. თუმცა, Apple-ის სმარტფონის აფეთქების შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-შიც.

ბრიტანული გამოცემა express-ის ცნობით, ცნობილია კიდევ ერთი ფაქტი iPhone 6 Plus-ის აალების კალიფორნიაში. ეს შემთხვევაც რამდენიმე კვირის წინ მოხდა და როგორც მფლობელი ყვება, მის აპარატს მოულოდნელად გაუჩნდა ცეცხლი.

„გავიგე უცნაური ხმა და ცოტა ხანში ეკრანი აალდა“, - აცხადებს კალიფორნიელი ქალბატონი.

კომპანიაში აღნიშნულ ფაქტებზე განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა აღნიშნავენ, რომ iPhone 7, iPhone 7 Plus და iPhone 6 Plus-ის აალების ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება. Apple-ის ცნობით, აალება შესაძლოა, გამოეწვია ბატარეების გადახურებას.

სმარტფონების აფეთქებისა და აალების შემთხვევები ბოლო პერიოდში გახშირდა. როგორც ცნობილია, კომპანია Samsung-მა საერთოდ შეაჩერა ახალი სმარტფონი note7-ის წარმოება და გაყიდული მოდელები უკან გამოიწვია.

კოკა კვირკველია