„რაკიამ“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 85% საკუთრებაში სახელმწიფოს გადასცა

საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა არაბულმა ინვესტორმა „რაკიამ“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს გადასცა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია 85%-იან წილზე. კომპანია თიზ-დან სულ არ გასულა და დანარჩენი 15% კვლავ მის მფლობელობაში რჩება.

„შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“ თიზ-ის მმართველი „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს“ (RAK) შვილობილი კომპანიაა. „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიამ“ ვერ შეასრულა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაზე ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც დაეკისრა პირგასამტეხლო. რომლის პატიების სანაცვლოდაც, არაბულმა ინვესტორმა თიზ-ის 85 %-ის სახელმწიფოსთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო“, -აღნიშნეს სამინისტროში.

უწყებაში არ აკონკრეტებენ ამ გარიგების სანაცვლოდ რა თანხის ჩამოწერა მოხდა ინვესტორისთვის, რადგან მათი თქმით, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების პირობები კონფიდენციალურია და კომპანიის ნებართვის გარეშე პირგასამტეხლოს ოდენობასა და სხვა დეტალებზე ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებენ.

რაც შეეხება თიზ-ის მომავალს, ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი შენარჩუნებულია და განაგრძობს განვითარებას.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფოთში 2008 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი ფუნქციონირების ვადა 99 წლით განისაზღვრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობის 16 სექტემბრის განკარგულებით, შეწყდა "რაკიასთვის" ფოთის აეროპორტის 98.26% - იანი წილის მიყიდვის ხელშეკრულებაც, რომლითაც ინვესტორს აეროპორტი უნდა განევითარებინა.

თაია არდოტელი