როდესაც ავტორიტეტი მეტს ნიშნავს, ვიდრე რეიტინგი

რატომ არის სატელევიზიო რეიტინგებში მე-14 ადგილზე მყოფი CNN რეკლამის დამკვეთებისთვის N1

რას და რომელ არხს ვუყუროთ ტელევიზორში? - ამ კითხვით მილიონობით ადამიანი მიმართავს ყოველდღიურად საკუთარ თავს. სად და რომელ არხზე განვათავსოთ რეკლამა, რომ მეტი ეფექტი მივიღოთ? - ამაზე კომპანიების მარკეტოლოგები იმტვრევენ თავს.

არჩევანის გაკეთება არც ისე ადვილია იმ პირობებში, როცა საზოგადოებრივი თუ საკაბელო ტელევიზიები ასობით სხვა­დასხვა არხის ყურებას სთავაზობენ აუდიტორიას. ეს არხები კი ყველა გემოვნებისა თუ ასაკის მაყურებელზეა გათვლილი.

ამერიკა, სადაც ტელევიზია სუპერპოპულარული და სუპერგანვითარებულია, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ იცვლება ბოლო წლებში სატელევიზიო ლანდშაფტი.

სააგენტო MediaLife-ის ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გასულ კვირას ე.წ. პრაიმთაიმის პერიოდში ყველაზე ყურებადი სპორტული არხი ESPN იყო, რომელსაც მოსდევს გასართობი და სერიალების არხები: TBS, FX, USA და Adult Swim.

ამავე სააგენტოს მონაცემებით, ისეთი პოპულარული საინფორმაციო არხი, როგ­ორიც საქვეყნოდ ცნობილი CNN-ია, ე.წ. პრაიმთაიმში მე-14 პოზიციაზე აღმოჩნდა.

TV Insider-ის ინფორმაციით, მიუხედავად­ იმისა, რომ 2015 წლის მონაცემებით, CNN 31-ე პოზიციაზე იყო აუდიტორიის საერთო­ რაოდენობის რეიტინგში და მას უსწრებდა ისეთი არხები, როგორიცაა სპორტული ESPN, "დისნეის არხი", "ტელემუნდო", კულინარიული არხი FOOD NERWORK-ია, CNN-ის მაყურებელთა რაოდენობა გასულ წელს 28%-ით გაიზარდა და დღიურად 672 000-ს მიაღწია.

მარკეტოლოგთა განცხადებით, CNN-ის პოზიციონირება და სხვადასხვა რეიტინგში დაბალი პოზიციები გასართობ და სერიალების არხებთან შედარებით, მიუთითებს მაყურებლის ქცევაზე, რომელიც თავისუფალ დროს გასართობი არხის ყურებას ანიჭებს უპირატესობას.

"ტელევიზიებისთვის მაღალ რეიტინგს გასართობი პროგრამები, სერიალები და ფილმები განაპირობებს, რადგან მსგავსი პროდუქტი მეტად მისაღებია ფართო აუდიტორიისთვის. შესაბამისად, ისეთ ტელევიზიებს, ვისაც სამაუწყებლო ბადეში სწორედ ასეთი სახის კონტენტი აქვთ, უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს", - ამბობენ ამერიკელი მარკეტოლოგები.

თუმცა, გასართობი არხებისგან განსხვავებით, ბევრი რეკლამის დამკვეთი, განსაკუთრებით ისინი, ვისი პროდუქცია თუ მომსახურება მასობრივ მომხმარებელზე­ არ არის გათვლილი, სწორედ ისეთი ტიპის არხებს ირჩევს, რომლის აუდიტორიაც­ საქმიანი წრეებისგან შედგება. გარდა ამისა, ცხადია, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ არხისადმი ნდობაა. "სწორედ CNN-ის ობიექტურობა, ოპერატიულობა და ავტ­ორიტეტი განსაზღვრავს მის გავლენიანობას. ჩვენთვის საკმარისია იმის ცოდნა, რომ მაყურებელი სრულად ენდობა ამ არხს და ეს ის კატეგორიაა, ვისთვისაც­ დრო, ოპერატიულობა და სანდო ინფორმაცია მნიშვნელოვანია. ამიტომ CNN სწორედ იმ ავტორიტეტულ არხებს მიეკუთვნება, რომელიც ბევრად უფრო მიმზიდველია­ რეკლამის განთავსების თვალსაზრისით, ვიდრე სხვა არხები", - აღნიშნავენ რეკლამის დამკვეთები.

CNN-ის ინფორმაციით, 2004 წლიდან შემოსავალი რეკლამიდან ყოველწლი­ურად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ მონაცემებს არხი არ ასაჯაროებს, Niemanlab-ის ცნობით, 2012 წელს CNN-ის მოგებამ მხოლოდ რეკლამის ხარჯზე 600 მილიონი დოლარი შეადგინა.

CNN-ი პირველი არხი იყო, რომელმაც მაყურებელს ახალი ამბების 24-საათიანი მაუწყებლობის კონცეფცია შესთავაზა. კომპანიას დღეს 40 ბიურო აქვს, აქედან 26 საერთაშორისო. CNN-ის ახალი ამბები გადაიცემა 38 კოსმოსური თანამგზავრით და ხელმისაწვდომია მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

წყარო „კვირის პალიტრა"