მილიონები "ქართულ ოცნებას", "ნაცმოძრაობას" და "პატრიოტებს" - ვინ როგორ ფინანსდება ჩვენი ჯიბიდან?!

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი სამმა პარტიამ - "ქართულმა" ოცნებამ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "პატრიოტთა ალიანსმა" გადალახა.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონის მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტები, ანუ პოლიტიკური გაერთიანებები, თუ პროპორციულ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს ან მეტს მიიღებენ, ისინი სახელწმიფო ბიუჯეტიდან ყოველ წელს დაფინანსდებიან მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე. დაფინანსება 300 000 ლარიდან იწყება და 600 000 ლარამდე ადის. წელს კვალიფიციურ სუბიექტებს პაატა ბურჭულაძის პარტიაც დაემატება, რადგან მათ 3%-იანი ბარიერი გადალახეს.

2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 კვალიფიციური სუბიექტი დაფინანსდა, უფრო კონკრეტულად კი:

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - 843,752 ლარი

საქართველოს კონსერვატიული პარტია - 721,352 ლარი

"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - 721,352 ლარი

რესპუბლიკური პარტია - 721,352 ლარი

"თავისუფალი დემოკრატები" - 721,352 ლარი

ეროვნული ფორუმი - 721,352 ლარი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 2,649,280 ლარი

ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - 835,416 ლარი

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" - 1,470,484 ლარი

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 636,936 ლარი

ლეიბორისტული პარტია - 610,020 ლარი

რაც შეეხება კვალიფიციური სუბიექტების მომავალი წლის დაფინანსებას, მას შემდეგ, რაც ცესკო საბოლოო მონაცემებს ოფიციალურად გამოაქვეყნებს, მაშინ გაირკვევა, რომელი პარტია რამდენ ლარს მიიღებს.

გარდა ამისა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს მიიღებს, საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯის დასაფარავად 1 000 000-მდე ლარი გამოეყოფა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "პატრიოტთა ალიანსი".

კვალიფიციური სუბიექტების საბიუჯეტო დაფინანსების დეტალებზე kvirispalitra.ge "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტს, ლელა ტალიურს ესაუბრა.

- პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების შესახებ რეგულაციები მოცემულია უშუალოდ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანულ კანონში, ასევე, ცალკეული დებულებები საარჩევნო კოდექსში. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები ბიუჯეტიდან დაფინანსებას მათ მიერ არჩევნებში მიღებული შედეგებიდან გამომდინარე იღებენ, რასაც განაპირობებს ორი პირობა: პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობა და ამ არჩევნებზე უნდა გადალახონ 3% ან მეტი. რაც შეეხება თანხის ოდენობას, განსაზღვრულია 300 000 ლარიდან 600 000 ლარამდე, კონკრეტული დაფინანსება კი სპეციალური ფორმულით გამოითვლება, რომელიც მიღებული ხმებისა და მანდატების დათვლის შემდეგ დგინდება.

- თუმცა გარდა ამ დაფინანსებისა, როგორც ცნობილია, პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს ერთჯერად დაფინანსებას იღებს...

- დიახ, საარჩევნო კოდექსი ასევე ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯების ანაზღაურებას საარჩევნო სუბიექტებისათვის. საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც პროპორციული სიით ჩატარებულ არჩევნებში აიღებს ამომრჩეველთა ხმების 5% ან მეტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს მილიონ ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარად. რა თქმა უნდა, ამ სუბიექტებმა უნდა წარადგინონ შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა და ანგარიში.

როგორც ვიცი, ამ საარჩევნოდ "ქართულმა ოცნებამ" 13 მილიონზე მეტი ხარჯი გაწია და მიიღებს ერთ მილიონს, "პატრიოტთა ალიანს" 2 მილიონზე მეტი ხარჯი ჰქონდა, ისინიც მილიონ ლარს მიიღებენ. თუ მათ ერთ მილიონ ლარზე ნაკლები ხარჯი ექნებოდათ, მაშინ მილიონზე ნაკლებს მიიღებდნენ.

თეა ბეჟიტაშვილი

წყარო „კვირის პალიტრა"