OECD-ის ფინანსური განათლების რეიტინგში საქართველო 24-ე პოზიციაზეა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ქსელის (OECD) ფინანსური განათლების, ხედვისა და ქცევის რეიტინგში საქართველო 12.4 ქულით მსოფლიოს 30 ქვეყანას შორის 24-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.

OECD-ს ცნობით, კვლევაში მოხვედრილი ქვეყნების ფინანსური განათლების დონე საშუალოდ 13.2 ქულით განისაზღვრა მაქსიმალური 21-დან. ფინანსური განათლების მაჩვენებელი სამ კომპონენტად არის დაყოფილი - ცოდნა, რომელიც მაქსიმალური 7 ქულით ფასდება, ქცევა - 9 ქულა და ხედვა - 5 ქულა.

საქართველოს ქულები კომპონენტების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: ფინანსური ცოდნა - 4.6 ქულა (მაქსიმალური 7 ქულიდან), ქცევა - 5.0 ქულა (მაქსიმალური 9 ქულიდან) და ხედვა 2.8 ქულა (მაქსიმალური 5 ქულიდან).

კითხვაზე - გაქვთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი, საქართველოში გამოკითხულთა 64%-მა დადებითი პასუხი გასცა.

კითხვაზე - ფარავს თუ არა თქვენი შემოსავლები საცხოვრებელ ხარჯებს, საქართველოში გამოკითხულ რესპონდენტთა 61%-მა უპასუხა, რომ არ ფარავს. ხოლო კითხვაზე, სესხულობთ თუ არა ამის გამო ფულს, კვლევაში მონაწილეთა 45%-მა დადებითი პასუხი გასცა.

კვლევის მიხედვით, მარტივი და რთული პროცენტი საქართველოში სწორად ესმის გამოკითხულთა 22%-ს, რისკები - 80%-ს, რას ნიშნავს ინფლაცია, სწორად იცის გამოკითხულთა 85%-მა, დივერსიფიკაცია - 63%-მა.

კვლევაში 30 ქვეყნის 52 000-მა ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რეიტინგის პირველ სამეულში საფრანგეთი, ფინეთი და ნორვეგიაა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე