”ტურისტული კომპანიების ლიცენზირება შესაძლოა კორუფციის წყარო გახდეს”

ბოლო პერიოდში ტურისტული კომპანიების მიმართ საჩივრების რაოდენობამ იმატა.

ამ სფეროში დასაქმებულთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ტურისტული კომპანიის გახსნა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, არ კონტროლდება მოსმახურების ხარისხი, რაც მომხმარებელთან ერთად, ბაზარზე არსებულ ტურისტულ კომპანიებსაც აზარალებს.

ამის ფონზე აქტიური გახდა მოსაზრება, რომ საჭიროა ტურისტული კომპანიების ლიცენზირება და მათი საქმიანობის საერთშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. თუმცა, ამ საკითხზე ტურისტულ სექტორში მოქმედი კომპანიების მოსაზრება ორად იყოფა. ნაწილი ფიქრობს რომ ლიცენზირება და სტანდარტების დაწესება აუცილებელია,  ნაწილი კი ამბობს, რომ ასეთმა რეგულაციებმა შესაძლებელია ნეგატიური გავლენა იქონიოს მათ ბიზნესზე.

როგორც რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმეში" ტურისტული კომპანია "კავკასუს თრეველის" მარკეტინგის მენეჯერმა გვანცა რაზმაძემ განაცხადა, ტურიზმის სექტორის ლიცენზირებამ შესაძლოა კორუფციამდე მიგვიყვანოს.

”ნებისმიერი ტიპის ლიცენზირებამ ტურიზმის სხვადასხვა დარგების განვითარებისთვის შეიძლება შემაკავებელი, შემაფერხებელი როლი ითამაშოს. შესაძლოა ეს იყოს ფინანსური მხარე და რაღაც მომენტში კორუფციის წყაროც კი გახდეს. ვიღაცამ ლიცენზია შეიძლება იმიტომ მოიპოვოს, რომ ვიღაცის მეგობარია, ან ვერ მოიპოვოს იმიტომ, რომ არავის მეგობარი არაა. წინასწარ ამ მხრივ რთულია საუბარი და პროგნოზის გაკეთება, თუმცა ზოგადად ხარისხისა და სტანდარტის ჩამოყალიბების ხელშეწყობა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ წახალისების ხარჯზე. რაც შეეხება ხარისხს, ეს უკვე თავისთავად უნდა დაარეგულიროს ბაზარმა და კონკურენციამ. ყველა ქვეყანაში არსებობს, როგორც მაღალი ხარისხის სტანდარტის სასტუმრო, ასევე დაბალი ხარისხის. ამას მომხმარებელი ირჩევს და მისი მოთხოვნა განსაზღვრავს შეთავაზებას”,  - განცხადა ”კავკასუს თრეველის” მარკეტინგის მენეჯერმა გვაცნა რაზმაძემ ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე”.

ტურისტული კომპანია "დისქავერი ჯორჯიას" წარმომადგენელი ნინო კეკელიძე კი მიიჩნევს, რომ ტურისტული საქმიანობის ლიცენზირება აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგი ძალაუფლების მქონე სახელმწიფომ განახორციელოს.

”დღეს საქართველოში 600-ზე მეტი ტურისტული კომპანიაა, რომელთა მონიტორინგი სამწუხაროდ არ ხდება.  ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა, ტურისტულ სქეტორში არის მძღოლი, ყველა ფიზიკური პირი, რომელმაც იცის უცხო ენა მინიმალურ დონეზე, გიდობას იჩიემებს, ოჯახები, რომელსაც საკუთარ საცხოვრებელში დამატებით ზედმეტი ერთი ოთახი აქვთ, ამბობენ, რომ აქვთ სასტუმრო და სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ბარიერით, არანაირი რეგლამენტით ამის მონიტორინგი არ ხდება. რა თქმა უნდა ეს ერთი მხრივ კარგია, თავისუფალი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, თუმცა ისმის მეორე შეკითხვა, სერვისი რომელსაც ეს პიროვნებები ჩვენს ტურისტებს აწვდიან, რამდენად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩემი ხედვით, აუცილებელია რეგულაციები და სტანდარტები, ზუსტად ისეთი, რომლებმაც სხვა ქვეყანაში უკვე გაამართლა", - აღნიშნავს ნინო კეკელიძე.

მისივე განმარტებით, საქმე სახელმწიფომ უნდა ჩაიბაროს, ვინაიდან სწორედ სახელმწიფო სექტორს აქვს ძალაუფლება, კერძო სექტორი კონკურენციით კი ვერასდროს ვერ დაარეგულუირებს ისეთ სეგმენტს, როგორიცაა მძოღოლების, გიდების, კვების, თუნდაც სასტუმროების თემა, ან ტურისტული კომპანიების საკითხი.