გუდაურში 170-180 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურს ეწვია, სადაც მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მინისტრი გაეცნო კომპანია „რედკოს“ და „რედისონის“ სასტუმროების, ასევე კომპანია „Magi Styl” – ის სასტუმროს მშენებლობის პროცესს, საბაგიროზე მიმდინარე სამუშაოები და გაერთიანებული წყლის რეზერვუარი დაათვალიერა.

კურორტის სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის განვითარების საერთო პოტენციალის დასადგენად 2016 წელს კანადურმა კომპანია „ეკოსაინმა“ მიწათსარგებლობისა და განვითარების გენერალური გეგმა შეიმუშავა. გუდაურის განვითარების გეგმა ფუნდამენტური დოკუმენტია კურორტის სწორი დაგეგმარებისა და განვითარების კუთხით.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მასტერპლანმა გამოავლინა, თუ რა კუთხით უნდა გაგრძელდეს კურორტის განვითარება, ასევე მოიცავს განვითარების ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს, როგორიცაა - საბაგიროების განლაგება და მშენებლობა, სათხილამურო გზების მომზადება, საჭირო აღჭურვილობის ეფექტური რაოდენობის განსაზღვრა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობა, ავტოსადგომის, გასართობი და კვების ობიექტები, მოთხილამურთა ოპტიმალური პოზიციონირება, სანიაღვარე გეგმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის მთის მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია.

”დღევანდელ ეტაპზე პოტენციალი, რომელიც მთავრობის მხრიდან არის გამოვლენილი. 170-180 მლნ ლარის ინვესტიციას გულისხმობს. 2016 წელს 10 საბაგიროს მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორის სამი საბაგირო შენდება გუდაურში. ჯამურად, ეს არის 23 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომელიც, რა თქმა უნდა, დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და საქართველოს მიმზიდველობას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს გუდაურში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროების მშენებლობა. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ კანადურმა კომპანია „ეკოსაინმა“ ჩვენი დაკვეთით შეიმუშავა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის ადაპტაცია ამ წუთში მიმდინარეობს, ხოლო სულ ცოტა ხანში, როგორც ნორმატიული დოკუმენტი, გვექნება გუდაურის გენერალური განაშენიანების გეგმა. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, სწორად და გრძელვადიანად განვავითაროთ კურორტი. ეს არის განვითარების გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, თუ სად და როგორ განვითარდეს სათხილამურო ტრასები, საბაგიროები, როგორ უნდა იყოს განვითარებული სასტუმრო კომპლექსები და ასევე საცხოვრებელი კომპლექსები“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

განვითარების გეგმის პირველი ეტაპი მოიცავს 2400-მეტრიანი, 6-კაციანი ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს მშენებლობას და ორ საჩოჩიალოს. საბაგიროს მშენებლობას ახორციელებს Black sea Group, კურორტზე კი მონტაჟდება მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის Doppelmayr-ის საბაგირო.

2011-2012 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით 2015-2016 წლები საგრძნობლად პროგრესირებს - ვიზიტორების რაოდენობა 127%-ით არის გაზრდილი, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობა 311%-ით. აღსანიშნავია, რომ მრავალჯერადი ბილეთების მომხმარებლები ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს გუდაურში წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაციაზე, კურორტის ისტორიაში პირველად იქნება საკმარისი წყლის დებეტი.