ნოდარ ხადური - მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ოპონენტებს მოუწოდებს, ოდნავი ობიექტურობა შეინარჩუნონ. ხადური ოპონენტებს ასევე ურჩევს, რომ საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებას, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მათ ავტორიტეტს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად მოქმედებს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ლარის გაცვლით კურსზე, რაზეც ოპონენტები საუბრობენ.

”თუ თქვენ გადახედავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის სავალუტო ფონდის დასკვნებს და პროგნოზებს, რომლებიც მათ აქვთ, ეს პროგნოზები რეალისტურია და არავის დაუყენებია ისინი ეჭვქვეშ. მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება. წელსაც უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ვიდრე ეს თავიდან იყო დაგეგმილი. ამავე დროს ისინიც, ეროვნული ბანკიც და ყველა ვთანხმდებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯებს არ გამოუწვევია და არც შეეძლო გამოეწვია გაცვლით კურსზე ზემოქმედება, ამიტომ მე მოვუწოდებ ოპონენტებს, რომ ოდნავი ობიექტურობა შეინარჩუნონ და საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებას, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მათ ავტორიტეტს”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორია მისი პროგნოზი ლართან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კონკრეტული პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება. ”საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ ნამდვილად ველოდებით გაცვლითი კურსის დასტაბილურებასა და გამყარებას. ეს არის მოკლევადიანი რყევები, რაზეც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გააკეთა”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.