საწვავი შესაძლოა გაძვირდეს

საქართველოში კვირის ბოლოსკენ საწვავი გაძვირდება. იმპორტიორების უმეტესობა მოსალოდნელ საფასო ცვლილებაზე საუბარს თავს არიდებს, მაგრამ რამდენიმემ მაინც დაგვიდასტურა, რომ ნავთობპროდუქტების გაძვირება იგეგმება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს,  სხვაობა ფასში მინიმუმ 5-10 თეთრი იქნება.

ამ ეტაპზე საქართველოს საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინი 1,37-1,38 ლარი ღირს, დიზელი - დაახლოებით 1,30 ლარი. "პლატცის" მიხედვით 1 ტონა ბენზინი 520 დოლარის ფარგლებშია, ხოლო დიზელი 473 დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ბოლო 2 კვირაში ნავთობპროდუქტები თვალში საცემად გაძვირდება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ უცხოურ ბაზრებზე ფასის მატება აშკარაა და გადაწყვეტილების მიღება ქართულ კომპანიებშიც მოუწევთ.

"საწვავის ღირებულება დამოკიდებულია ორ კომპონენტზე: ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასზე "პლატცის" მიხედვით და ლარის გაცვლით კურსზე დოლართან მიმართებით. როგორც ვხედავთ, ჩვენი ვალუტა უფასურდება, ხოლო საერთაშორისო ფასიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 2016 წელს ის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. ცნობილია, რომ ოპეკის წევრი ქვეყნების შეთანხმებამ საწვავის გაძვირება გამოიწვია. მათ გადაწყვეტილებას შეუერთდა რუსეთი და ფასიც ზევით მიდის. ასეთია მოცემულობა, რომელიც ნეგატიურ ფონს ქმნის საქართველოსთვის. უნდა ითქვას, რომ სახარბიელო სიტუაცია არ არის", - აცხადებს მთვრალაშვილი.

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ უკვე დააანონსა, რომ ნავთობზე მოთხოვნის მატებას ელის. ორგანიზაციამ გაზარდა 2016 წლის პროგნოზი 96,3 მილიონ ბარელამდე დღე-ღამეში (წინა პროგნოზი 96,1 მლნ ბარელი იყო). ბოლო დღეებში ნავთობის ფასმა 53 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა. მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. ამაზე უფრო ძვირი ნავთობი ბოლოს 2015 წლის 12 ოქტომბერს ღირდა.

ამდენად, საერთაშორისო ბაზრებზე ფასი მატულობს და ამ ტენდენციას ვერც საქართველო გაემიჯნება, მით უმეტეს, როცა ქვეყანაში სავალუტო კრიზისია და ლარი უფასურდება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანიებს გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალურად მოუწევთ. როდიდან და რამდენი თეთრით გაძვირდება საწვავი, ვანო მთვრალაშვილი არ აკონკრეტებს.

"ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ქართული კომპანიები. ცხადია, ეს იქნება ინდივიდუალური თითოეული კომპანიის შემთხვევაში. მათთვის აუცილებელია, კონკურენტუნარიანი ფასი შესთავაზონ მომხმარებელს. ცხადია, არც ერთი მათგანის ინტერესში არ არის ფასის ზრდა, მაგრამ, რეალობიდან გამომდინარე, საწვავის გაძვირება მოუწევთ. ჩემი აზრით, ფასი ჯერჯერობით მაინც არ არის იმ დიაპაზონში, რომ მასშტაბური ცვლილება განხორციელდეს, თუმცა რაღაც დონეზე სხვაობა აქაც დაფიქსირდება.

როგორც წესი, არაბრენდირებულ კომპანიებს ნაშთი არ აქვთ და უცებ გრძნობენ საფასო ცვლილების სიმძიმეს, მსხვილი კომპანიები გარკვეული მარაგის ხარჯზე მცირე ხნით მაინც ახერხებენ ფასის შენარჩუნებას. ახლა უკვე ის მდგომარეობაა, როცა ფასი ზღვარზეა და იმპორტიორებს სხვა გამოსავალი არ რჩებათ", - აღნიშნავს მთვრალაშვილი.

იმპორტიორთა ნაწილი ამბობს, რომ საწვავი უახლოეს 2-3 დღეში გაძვირდება და სხვაობა პირველივე ეტაპზე 10 თეთრის ფარგლებში იქნება.

"საწვავის თვითღირებულება მატულობს და ეს ცვლილება საცალო ფასზეც აისახება. საწვავი გაძვირდა ბოლო ვაჭრობის მიხედვითაც, შესაბამისად, აქაც ადეკვატურად მოიმატებს ფასი. მარაგს ხშირად ამბობენ იმისთვის, რომ გააჯანჯლონ პროცესი, მაგრამ ახლა საპირისპირო ვითარებაა და ცვლილებას საკმაოდ მალე ველოდები, მაქსიმუმ 2-3 დღის დიაპაზონში.

ძალიან გამიკვირდა, როცა ითქვა, რომ საქართველოში საწვავის ფასის შენარჩუნება შესაძლებელია. რატომღაც ხშირად იშველიებენ მარაგს. არავინ დაიჯეროს, რომ 2-3 თვის მარაგი არსებობს ქვეყანაში, რეალობა გაცილებით სხვაა. შეიძლება, მაქსიმუმ 1 თვის სამყოფი საწვავი ჰქონდეთ დამარაგებული. იმპორტიორები ფასის შენარჩუნებას აქამდე მაქსიმალურად ცდილობდნენ, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. საცალო ქსელში საწვავი ყველა შემთხვევაში გაძვირდება, განსაკუთრებით - არაბრენდირებულ აგს-ებში", - აცხადებს კომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე.

მისგან განსხვავებით, ზოგიერთ კომპანიაში ფასთან დაკაშვირებით დაზუსტებით საუბარი უჭირთ. "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე ამბობს, რომ პროცესს აკვირდებიან და გადაწყვეტილებას აქედან გამომდინარე მიიღებენ.

"ჩვენ ვაკვირდებით დინამიკას ყოველი გადაწყვეტილების წინ როგორც საერთაშორისო ბაზარზე, ასევე საქართველოშიც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვალყურს ვადევნებთ ვალუტის კურსის ცვლილებას. ამასთან, ვსწავლობთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები უკვე შიდა ბაზარზე.

ყველასათვის შესამჩნევია, რომ საფასო დინამიკა ზრდისკენაა. ნავთობპროდუქტების ღირებულება მატულობს საერთაშორისო ბირჟებზე. საქართველოში გვაქვს გარკვეული ცვლილებები ვალუტის კურსთან მიმართებითაც. ამ ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს კომპანიის შემდგომ გადაწყვეტილებას საფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

დინამიკას თვალი რომ გადაავლოთ, მარტივი შესამჩნევია, რა იყო და რა ხდება დღეს. მოვლენების განვითარებას ველოდებით, სხვას ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით", - განუცხადა "რეზონანსს" შავლეგ მიშველაძემ.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"