კომპანია „სიტროენი“ საავტომობილო ბიზნესში კარტელურ გარიგებებზე საუბრობს

კომპანია „სიტროენ ჯორჯია“, რომელიც საქართველოს საავტომობილო ბაზარზე ხუთი თვის წინ გამოჩნდა, ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კარტელურ გარიგებებსა და არაჯანსაღ კონკურენციაზე საუბრობს. კომპანიის ცნობით, ბაზარზე არსებული საავტომობილო კომპანიები შეთანხმებული ქმედებებით ხელს უშლიან ახალი მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენტული გარემოს შექმნას.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დირექტორმა, გიორგი შარაშიძემ განუცხადა, საეჭვო გარიგებებთან დაკავშირებით კონკრეტული დოკუმენტებიც აქვს, რომლის გასაჯაროებაზეც ამ ეტაპზე უარს ამბობს, თუმცა აღნიშნავს, რომ დრო მოვა და ყველაფერს გააცნობს საზოგადოებას.

„დღეს საავტომობილო ბაზარზე არსებული ფასები არ ასახავს ავტომობილების რეალურ ღირებულებას. ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია ჩაატაროს კვლევა, რადგან ყველა სატენდერო დოკუმენტი ღია და ხელმისაწვდომია. ამ დროისათვის ორ ტენდერში მივიღეთ მონაწილეობა და სწორედ ამ ტენდერების მონაცემებს თუ გაეცნობით, თვალსაჩინო გახდება, რა და როგორ ხდება. სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ, შეგიძლიათ ნახოთ, რამხელა ფასთა სხვაობით შევედით კონკურენციაში სხვა კომპანიებთან და როგორ გავაჯანსაღეთ ბაზარი. ჩვენი საბოლოო მიზანიც ბაზრის გაჯანსაღება და საავტომობილო ბიზნესში საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაა, რასაც აუცილებლად მივაღწევთ,“-აღნიშნა შარაშიძემ.

რაც შეეხება იმას, მიმართავს თუ არა კომპანია რომელიმე შესაბამის ორგანოს ამ საკითხის შესასწავლად, შარაშიძემ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მოკვლევა უკვე დაიწყო. თავის მხრივ კი, კომპანია მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარესთან ითანამშრომლოს.

ცნობისთვის, ამ დრომდე „სიტროენ ჯორჯიას“ სულ ორ სახელმწიფო ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან ერთი „საქართველოს ფოსტამ“ მიმდინარე წლის 20-დან 25 მაისის ჩათვლით გამოაცხადა, 10 მეოთხე კლასის მსუბუქი ავტომობილის შესაძენად, სადაც „სიტროენმა“ გაიმარჯვა კიდეც. მის გარდა ტენდერში კიდევ ორი კომპანია - „ჯი-თი- მოტორსი“ და „“კია მოტორს კორჯია“ მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტენდერის განმცხადებლის მიერ შესყიდვის პირველადი ღირებულება 292 210 ლარით იყო განსაზღვრული. სწორედ ეს თანხა დააფიქსირა საბოლოო შეთავაზებად ტენდერში მონაწილე „ჯი-თი მოტორსმა“ და ვაჭრობის სამ რაუნდში თანხა არ შეუცვლია. რაც შეეხება ტენდერის კიდევ ერთ მონაწილეს, „კია მოტორს ჯორჯიას“, მან საბოლოო შეთავაზებად 265 000 დააფიქსირა. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ „სიტროენმა “ ამ ტენდერში ვაჭრობა 288 000 ლარიდან დაიწყო და საბოლოოდ თანხა 264 999 ლარამდე შეამცირა. თუმცა, ტენდერის დასრულების შემდეგ, „საქართველოს ფოსტასა“ და „სიტროენ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად „ფოსტის“ მიერ „სიტროენისგან“ შეძენილი ერთი ავტომობილის ღირებულება 18 699 ლარით, ხოლო შესაბამისად 10-ვე მანქანის შესყიდვის ღირებულება 186 999 ლარით განისაზღვრა.

მეორე ტენდერი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ მიმდინარე წლის 22 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, ექვსი სასწრაფო დახმარების მანქანის შესაძენად გამოცხადდა. თუმცა, იმის გამო, რომ ვერ გაირკვა „CYTROEN JYMPY” -ზე არსებული „ქრაშ-ტესტი“ ვრცელდებოდა თუ არა შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ შეთავაზებულ ავტომობილებზე, განმცხადებელმა ტენდერი შეწყვიტა და ახალი ტენდერის გამოცხადება გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ გარდა „სიტროენისა“, ამ ტენდერში კიდევ ერთი კომპანია „ჯი-თი მოტორსი“ მონაწილეობდა, რომელიც განმცხადებელს სატენდერო ღირებულებად 401 184 ლარს, „სიტროენი“ კი - 359 100 ლარს სთავაზობდა. განმცხადებლის მიერ გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ამ შემთხვევაში 432 801 ლარი იყო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ტენდერის შეწყვეტის მიზეზი გახდა საავტომობილო ბაზრის ახალბედა მოთამაშის უკმაყოფილების მიზეზი.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სიტროენ ჯორჯია“ საჯარო რეესტრში 2016 წლის 20 მაისს დარეგისტრირდა. კომპანიის 70%-იან წილს დირექტორი გიორგი შარაშიძე, ხოლო 30%-იან წილს კი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს სავაჭრო ჯგუფი“ ფლობს.

თაია არდოტელი