ამერიკის ყველაზე მდიდარი ქალბატონი ზედიზედ მეორე წელია ელის უოლტონი გახდა

ამერიკულმა გამოცემა „ფორბსმა“ აშშ-ის ყველაზე მდიდარი ქალბატონების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგში სულ 51 ქალი მოხვდა, რომელთა ქონებაც 1,7 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

„ფორბსის“ მონაცემებით, ამერიკის ყველაზე მდიდარი 51 ქალბატონის ქონება ჯამში 288,1 მილიარდი დოლარია.

ზედიზედ მეორე წელია, რეიტინგის ლიდერი რითეილ კომპანია Wal-Mart-ის დამაარსებლის, სემ უოლტონის ქალიშვილი - ელის უოლტონია, რომლის ქონებაც გასულ წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა და 35,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგში ელის უოლტონი მე-13 პოზიციაზეა.

პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და საყვარელი ტკბილეულის „მარსისა“ და „ სნიკერსის“ მწარმოებელი კომპანია Candy- ის მფლობელი ჟაკლინ მარსი 27 მლრდ დოლარით, Apple-ის დამაარსებელი სტივ ჯობსის მეუღლე ლორინ ჯობსი - 17,7 მილიარდი დოლარით, MONEY MGMT-ის ხელმძღვანელი აბიგეილ ჯონსონი 13,2 მილიარდი დოლარით და მედიამაგნატი ბლეირ ფერი-ოკდენი 10,8 მილიარდი დოლარით.

„ფორბსმა“ ასევე წარმოადგინა აშშ-ის 40-წლამდე მილიარდერების შვიდეული. რეიტინგის უპირობო ლიდერი „ფეისბუქის“ დამფუძნებელი 32 წლის მარკ ცუკერბერგია, რომლის ქონება 55,5 მილიარდი დოლარია.

მეორე ადგილზეა Wal-Mart-ის კიდევ ერთი თანამფლობელი, 30 წლის ლუკას უოლტონი - 11,2 მილიარდი დოლარით. რეიტინგის მესამე პოზიციას „ფეისბუქის“ ერთ-ერთი თანამფლობელი დასტინ მოსკოვიცი იკავებს 10,4 მილიარდი დოლარით.

შვიდეულში ასევე მოხვდნენ AIRBNB-ის თანადამფუძნებელი, 33 წლის ნათან ბლეჩარსკი 3,3 მილიარდი დოლარით, ნიუ იორკელი დიჯეი, 32 წლის მარიო სანტა დომინგო - 2,4 მილიარდი დოლარით, Snapchat-ის თანამფლობელი, 26 წლის ივან სპიგელი - 2,1 მილიარდი დოლარით და ასევე Snapchat-ის თანამფლობელი, 28 წლის ბობ მერფი 1,8 მილიარდი დოლარით.

გიორგი მოსაშვილი