ჯეფრი მანკოვი - აშშ-სთვის საქართველო, მისი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გათვალისწინებით, ცალკე პრიორიტეტად უნდა იყოს დასახული

ამერიკისთვის საქართველო, მისი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გათვალისწინებით და ევროატლანტიკურ სამყაროში ინტეგრაციის ერთგულებით, ცალკე პრიორიტეტად უნდა იყოს დასახული , - ამის შესახებ სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ჯეფრი მანკოვმა ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების შესახებ მორიგი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის მიერ მომზადებულ სტატიაშია აღნიშნული, ანგარიში რეკომენდაციებსაც მოიცავს, რომელიც ამერიკელ პოლიტიკოსებს გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

ანგარიში ცენტრის სტუმრებს ჯეფრი მანკოვმა წარუდგინა და განმარტა, რომ მისი შექმნის მიზანი იყო ერთგვარი გზამკვლევის შემუშავება, რომელიც ვაშინგტონის პოლიტიკოსებს და ზოგადად ამერიკის, თუ დანარჩენი მსოფლიოს მოქალაქეებს შეუქმნის აზრს რეგიონის მთავარ საგარეო, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე, უშუალოდ ამ ქვეყნების პერსპექტივიდან გამომდინარე. ანგარიშის თანახმად, მკვლევარები ვაშინგტონის პოლიტიკოსებს ურჩევენ, რაც შეიძლება მეტად გააღრმავონ ურთიერთობა სამხრეთ კავკასიის თითოეულ ქვეყანასთან.

„მართალია, შეერთებული შტატები შორს არის, მაგრამ ამის მიუხედავად, რეგიონის ყველა სახელმწიფო და ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩვენ ადგილზე, ანგარიშზე მუშაობის პერიოდში გავესაუბრეთ, ამერიკის რეგიონულ ჩართულობასთან დაკავშირებით დიდ ინტერესს გამოხატავდა. იმის მიუხედავად, რომ ერთგვარი ბალანსის დაცვა აუცილებელია, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამერიკისთვის საქართველო, მისი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გათვალისწინებით და ევროატლანტიკურ სამყაროში ინტეგრაციის ერთგულებით, ცალკე პრიორიტეტად უნდა იყოს დასახული“, - აცხადებს ჯეფრი მანკოვი.

საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა კენეტ იალოვიცმა კი აღნიშნა, რომ ის ისურვებდა, საქართველომ გაცილებით ძლიერი როლი ითამაშოს და რეგიონში უფრო მაღალი დონის დიპლომატიური მისია იკისროს.

ცენტრში გამართული ანგარიშის პრეზენტაციაზე მოხსენება ასევე ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა არიელ კოენმა წაიკითხა და 2012 წლის შემდეგ უკვე მეორე დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებზე და მის მნიშვნელობაზე უფრო ვრცლად ისაუბრა.

„ჩემს წიგნში ვამბობ, რომ საბოლოო ჯამში, საქართველო წარმატების ისტორიაა. ის ბალტიისპირეთის ქვეყნებივით დასავლური ქვეყანა ჯერ არ არის, მაგრამ მთელი ათასწლეულის მანძილზე ის აღმოსავლეთის ქრისტიანობის ბურჯი იყო... ჩვენ ინტერესიც გვაქვს და მორალური ვალდებულებაც საქართველოს მიმართ, რომლის აღსრულება შემდეგი ადმინისტრაციის ხელში იქნება“ - აღნიშნა არიელ კოენმა.