რატომ დათმო არაბულმა ინვესტორმა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

არაბულ „რაკიასა“ და სახელმწიფოს შორის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ინვესტორმა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს გადასცა,

სანაცვლოდ კი მთავრობამ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო დაკისრებული ჯარიმა ჩამოაწერა, ექსპერტები წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესების ლოგიკურ დასასრულს უწოდებენ. თუმცა იქვე დასძენენ, რომ მსგავსი ამნისტიები მიუღებელი, არარაციონალური და სახელმწიფოსთვის წამგებიანია.

„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ზოგადად თიზ-ების წინააღმდეგ გამოდის "ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი. მისი თქმით, ეს ზონა მომგებიანი მხოლოდ დიდი და ჩაკეტილი ან ნახევრად ჩაკეტილი ეკონომიკის ქვეყნებშია (თურქეთი, ჩინეთი და ა.შ.).

„თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს საქართველოში პერსპექტივა არ აქვს. დრომ აჩვენა, რომ ამ ზონებმა არ იმუშავა განსაკუთრებით საზღვაო რეგიონებში, რადგან ინტერესი არავინ გამოიჩინა. ზონა მხოლოდ 10-15%-ით დაიტვირთა. ზოგადად გაუგებარია, თუ მთლიანად საქართველოს ეკონომიკის პრომოუშენზე ვსაუბრობთ, როგორც საინვესტიციო პოტენციალის მქონეზე, რაღატომ ვეუბნებით ინვესტორს - ჩვენთან კარგია, მაგრამ ამ ზონაში უკეთესია,“ - ამბობს იაშვილი.

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს უჭირს იმ მიზეზებზე საუბარი, თუ რატომ წავიდა სახელმწიფო ამ გარიგებაზე ინვესტორთან, თუმცა აღნიშნა, რომ მიუღებელი და არასწორია ინვესტორის მიმართ პატიებისა და ამნისტიის დამკვიდრებული ტენდენცია.

აღნიშნულთან დაკავშირებით იგივე აზრზეა ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ჩამოწერა ინვესტორისთვის მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაშია მისაღები. კერძოდ, თუ ეს პატიება ინვესტორის მიერ სხვა საინვესტიციო პროექტებში საინვესტიციო ვალდებულებების სრულფასოვანი შესრულების ან სხვა პროექტებში ინვესტიციების ზრდის სანაცვლოდ ხდება.

მისივე შეფასებით, ეს პროცესი ლოგიკური შედეგით დასრულდა. ინვესტორს მენეჯმენტის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც პროექტი ვერ შედგა და სახელმწიფოს სხვა გზა არ ჰქონდა. ახლა სახელმწიფომ საკუთარი აქტივი დაიბრუნა და სავარაუდოდ, იზრუნებს ახალი ინვესტორის მოძიებაზე.

„რაკიამ“ ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები - ინვესტორთა მოზიდვა და ზონის სრულყოფილი დატვირთა. ხოლო როცა ინვესტორი ვალდებულებებს ვერ ასრულებს, მან სახელმწიფოსგან აღებული აქტივი უნდა დააბრუნოს. შთაბეჭდილება მექმნება, რომ „რაკიამ“ ძალისხმევა დააკლო ან მენჯმენტი ვერ იყო სწორად ორგანიზებული. ნაკლებად ვხედავ რაიმე კავშირს, ანაკლიაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებასთან, რადგან უკვე დიდი ხანია ფოთის თიზ-ს პრობლემები აქვს. „რაკიამ“ პრაქტიკულად თავიდანვე ვერ უზრუნველყო შესაბამისი ვალდებულებების შესრულება და ინვესტიციების მოზიდვა,“- აღნიშნა კალანდაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა არაბულმა ინვესტორმა „რაკიამ“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) 85%-იანი წილი სახელმწიფოს გადასცა, დანარჩენი 15% კი კვლავ მის მფლობელობაში რჩება.

იხილეთ ამავე თემაზე: „რაკიამ“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 85% საკუთრებაში სახელმწიფოს გადასცა

თაია არდოტელი