საქართველოში ამერიკული დრამის, „კლოუნის“ გადაღებები მიმდინარეობს

სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოში ამერიკული დრამის, „კლოუნის“ გადაღებები მიმდინარეობს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი ლილი კოლინსი ასრულებს, ხოლო აღნიშნული მხატვრული ფილმის რეჟისორი ამერიკელი პოეტი და ჟურნალისტი ანტონი ლუცეროა, რომელმაც რამდენიმე კინოსცენარი დაწერა, მათ შორის „კლოუნი“ და რიჩარდ ბრაუტიგანის ‘A Confederate General from Big Sur’ -ის ადაპტაცია განახორციელა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „კლოუნის“ გადაღებებისას ამერიკელი რეჟისორი ქართულ საპროდიუსერო კომპანიასთან შპს „მისთი დონისთან“ თანამშრომლობს. დღეს მედიის წარმომადგენლებს თბილისში მიმდინარე ფილმის გადაღებებზე დასწრებისა და უშუალოდ რეჟისორისთვის და მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობებისთვის შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ.

”გადაიღე საქართველოში“ პროგრამით დაინტერესებულთა რიცხვი დღითიდღე მატულობს. პროგრამის ამოქმედებიდან სულ რაღაც 7 თვეში „კლოუნი“ რიგით მეოთხე პროექტია, რომელიც საქართველოში ხორციელდება. ამერიკული დრამის გადაღებები საქართველოსა და ნიდერლანდებში ხორციელდება. საქართველოში გადასაღებ მოედნად თბილისის, ბათუმის და რუსთავის ტერიტორიები შეირჩა”, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.