დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსზე ბიუჯეტის გავლენის შესახებ - არ არის ისე, როგორც ჩვენი ოპონენტები ამბობენ

მე მინდა, რომ ჩვენ ნელ-ნელა შევცვალოთ ფორმატი ლარის კურსთან დაკავშირებით და ყოველი დღის ვაჭრობის შემდეგ აღარ ვაკეთოთ კომენტარები ამასთან დაკავშირებით , - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, ნეგატივის გარდა ეს სხვას არაფერს იწვევს.

”ბაზარი არის ღია. ეს არის მცურავი კურსი. შესაბამისად, როდესაც მცურავი კურსის დროს კურსი დგინდება, ეს არის მოთხოვნა-მიწოდება. ეს არის ის მოთხოვნა-მიწოდება, რომელიც ბაზარს გააჩნია. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, კომენტარები ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა, ამ კომენტარის და ციფრების მიხედვით, რაც მე მაქვს ნანახი, არ არის ისე, როგორც ჩვენი ოპონენტები ამბობენ”,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილსა და ლარის გაცვლით კურსს შორის კავშირის შესახებ საუბრობენ და ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ გაუფასურებაზე მას გარკვეული გავლენა აქვს.