თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 800 მლნ ლარზე მეტი იქნება

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 800 მილიონ ლარზე მეტი იქნება , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ინტენსიურ განხილვას ნოემბრიდან დაიწყებენ. მთავარი პრიორიტეტები კვლავ იქნება საბავშვო ბაღების მშენებლობა, კეთილმოწყობის სამუშაოები, მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქის ეკოლოგიურ გარემოზე ზრუნვა.

დავით ნარმანიას ინფორმაციით, მომავალ წელს მოცულობითი პროექტები განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით, ასევე, ისტორიული უბნების შენარჩუნების მიზნით. ნარმანიამ საუბრისას აღნიშნა, რომ პროგრამების პარამეტრების საბოლოოდ შეჯერების შემდეგ, საზოგადოებას მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდება.

ნარმანიას განაცხადებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 800 მილიონ ლარზე მეტი იქნება, თუმცა, მერმა არ დააკონკრეტა, ზუსტად რა თანხას შეადგენს ის.

„მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები განსაზღვრულია. დადგენილია ძირითადი პროექტები და პროგრამები. საკრებულოსთან და ძირითად კომისიებთან კონსულტაციებსა და ინტენსიურ განხილვებს ჩვენ ნოემბრიდან დავიწყებთ, რათა დედაქალაქის ბიუჯეტი საკრებულოში საბიუჯეტო კანონმდებლობის დადგენილ ვადებში წარვადგინოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე