ზურაბ ჭიაბერაშვილი - ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას უნდა ველოდოთ

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურება, გარდა მავნებლური პოლიტიკისა, ქვეყანაში არსებულმა არანორმალურმა მდგომარეობამ გამოიწვია.

მისივე განცხადებით, 4 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მიერ გატარებულმა მავნებლურმა პოლიტიკამ ქვეყნის გაღარიბება გამოიწვია.

”8 ოქტომბრის არჩევნების წინ ეროვნული ბანკი ხელოვნურად აჩერებდა ლარის გაუფასურებას და ამისათვის რეზერვებიდან სექტემბერ-ოქტომბერში 160 მლნ ლარი დახარჯა, თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს მდგომარეობას არ შველის. პირიქით, გრძელვადიანად კიდევ უფრო მაღალი რისკების წინაშე გვაყენებს. ამ დღეებში ლარის გაუფასურება, მავნებლური პოლიტიკის გარდა, არის ქართული ეკონომიკის რეაქცია იმ არანორმალურ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაშია: ძალადობრივ გარემოში მოსყიდვებითა და დაშინებებით ჩატარებული არათავისუფალი არჩევნების შედეგად ივანიშვილი ახდენს ძალაუფლების სრულ კონცენტრაციას მის ხელში, რაც კიდევ უფრო დაბლა სწევს საქართველოს მიმზიდველობას ინვესტორთა თვალში”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე თვის განმავლობაში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების დასრულებამდე ეროვნული ბანკი, ივანიშვილის მოთხოვნით, სავარაუდოდ გააგრძელებს რეზერვების ფლანგვას, რათა ხელოვნურად დაიჭიროს ლარი.

”მთავრობა ვერ ელევა პრემიებს, დანამატებს, კონფორტსა და ფუფუნებას, რომ მოახდინოს ბიუჯეტის სეკვესტრი და შეამსუბუქოს დაწოლა ლარზე. “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი 2017 წლისთვის სიგნალია, რომ მთავრობა არაფრის შეცვლას თავის მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკაში არ აპირებს, რაც ბიზნესის განწყობაზე უარყოფითად აისახება და, შესაბამისად, მოქმედებს ლარზე. მიმდინარე თვის განმავლობაში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების დასრულებამდე ეროვნული ბანკი, ივანიშვილის მოთხოვნით, სავარაუდოდ გააგრძელებს რეზერვების ფლანგვას, რათა ხელოვნურად დაიჭიროს ლარი. თუმცა ამით იგი მხოლოდ პრობლემის გადავადებას ახდენს და შემდგომ, თუ ბიუჯეტის სეკვესტრი არ განხორციელდა და დეფიციტური ხარჯვა არ შეჩერდა, ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას უნდა ველოდოთ“,- განმარტა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.