სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი სექტემბერში 0,2%-ით გაიზარდა

2016 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა, 2015 წლის სექტემბერთან შედარებით კი ინდექსი 1,9 პროცენტით შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2010 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსის 22,1 პროცენტით ზრდა დაფიქსირდა.

უწყების ცნობით, 2016 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასები 0,2 პროცენტით გაიზარდა და სექციის წვლილმა ინდექსის მთლიან მაჩვენებელში 0,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სექციაში ფასები საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოების ქვესექციაზე 1,2%-ით გაიზარდა, ხოლო 2,2%-ით შემცირდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების ქვესექციაზე.

საქსტატის მონაცემებით, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექციაზე ფასები 1,0 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად სექციის წვლილმა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 0,13 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე: 1. დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები შემცირდა 4,1 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -3,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების (-13,1 პროცენტი) და ქიმიური წარმოების (-17,7 პროცენტი) ქვესექციებზე; 2. ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 13,7 პროცენტით და შესაბამისად სექციამ 1,79 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში”, - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.