აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს.

დეპუტატებს ბიუჯეტის პარამეტრები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

კომიტეტებმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ფინანსური დოკუმენტი დადებითად შეაფასეს, თუმცა გამოითქვა შენიშვნებიც, რომელიც მთავრობას ბიუჯეტის პროექტთან ერთად უკან გადაეგზავნება.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად: მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2017 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის და მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4%-ს შეადგენს.

არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, 2017 წელს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი 8 850.0 მლნ ლარს შეადგენს.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 715.0 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი კი 8 170.0 მლნ ლარს შეადგენს.

2017 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 265.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები - 130.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 135.0 მლნ ლარი.

2017 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 280.0 მლნ ლარის ოდენობით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 1 660.0 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის: - საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები - 900.0 მლნ ლარი; მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საბიუჯეტო კრედიტები - 460.0 მლნ ლარი; სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიით და მათი დაფარვის შედეგად საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების წმინდა ზრდა - 300,0 მლნ ლარი;

კანონპროექტის მიხედვით, 2017 წელს მისაღები შემოსულობების, ისევე როგორც გადასახდელების მთლიანი მაჩვენებელი განსაზღვრულია 10 555.0 მლნ ლარის ოდენობით.

ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 10 555.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9 520.0 მლნ ლარს, გრანტები 135.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 900.0 მლნ ლარს.