საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობა სექტემბერში 5.6 მილიონი დოლარით შემცირდა

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 2016 წლის სექტემბერში 100.2 მილიონი დოლარი (231.5 მილიონი ლარი) შეადგინა,

რაც 5.6 მილიონი დოლარით ნაკლებია აგვისტოს თვის (105.8 მილიონი დოლარი) მაჩვენებელზე და 11.6 მილიონი დოლარით მეტია 2015 წლის სექტემბრის ანალოგიურ მონაცემზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მილიონ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 88.5 პროცენტი მოდიოდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფულადი გზავნილების ხვედრითი წილით ყველაზე მეტი გზავნილი რუსეთიდან (34.9%), აშშ-დან (12.2%), საბერძნეთიდან (10.8%) და იტალიიდან (10.0%) განცხორციელდა. 11 ქვეყანას შორის არიან გერმანია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, ისრაელი, უკრაინა და აზრბაიჯანი.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2016 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.3 მლნ აშშ დოლარი (35.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად გასული წლის სექტემბერში დაფიქსირებული 13.8 მლნ აშშ დოლარის (33.1 მლნ ლარი).