შეშის მსურველთა რიცხვი 4-ჯერ აღემატება ტყის რესურსს

ნაადრევმა აციებამ რეგიონებში შეშის პრობლემა შექმნა. ხალხს მოახლოებული ზამთარი აშინებს, რადგან რეგიონებში დამზადებული შეშის მარაგის პრობლემაა, რის გამოც ბევრი ოჯახი, შესაძლოა, გათბობის გარეშე დარჩეს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს,  სპეციალისტები ქვეყანაში შეშის დეფიციტზე საუბრობენ. პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ მისი მოპოვება არაკანონიერი გზით ხდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიის ღია გარემოსდაცვითი საზოგადოების" წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილის თქმით, ხე-ტყის მსურველთა რიცხვი ოთხჯერ მეტია, ტყეში არსებულ რესურსთან შედარებით. ამის გამო ქვეყანაში შეშის დეფიციტია და სიტუაცია მომავალ წლებში კიდევ უფრო დამძიმდება.

"ყოველ წელს ვდგავართ ერთი და იმავე პრობლემის წინაშე. მოსახლეობის მხრიდან შეშაზე მოთხოვნა ძალიან დიდია, რეალურ რესურსთან შედარებით. ერთი მანქანა შეშის დამზადებას დღეს სჭირდება ათზე მეტი ხის მოჭრა.

გარემოსდაცვის სამინისტრომ დათვალა, თუ რამდენი შეშა გვჭირდება. მხოლოდ საოჯახო მომხმარებისთვის 2,5 მლნ ხეა საჭირო, შეშის ოდენობა კი 600 ათასია. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ 800 ათასი კბ/მ-ზე მეტი დეფიციტურია. მოთხოვნა არის გაცილებით მეტი, ვიდრე რეალური რესურსია", - განუცხადა "რეზონანსს" გეთიაშვილმა და დაამატა, რომ შექმნილი ვითარება შეშის არაკანონიერი გზით მოპოვების ალბათობას ზრდის.

"ახლა ის პერიოდია, როდესაც ამინდი იცვლება და ტყიდან საშეშე მასალის ინტენსიური გამოტანა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ამ დროს არარაციონალური მოპოვება ხდება. რადგანაც ტყეში არსებული მარაგი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა, სწორედ ამიტომ შეშის კანონიერად მოპოვების საშუალება ყველას არ აქვს. მოსახლეობა კი ცდილობს წინაღობების მიუხედავად, მკაცრ ზამთარს მომზადებული დახვდეს.

სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ეს პრობლემა ახალი არ არის და მხოლოდ წელს არ წარმოშობილა, უბრალოდ, ამის აღიარება არ ხდებოდა. ხალხი ცდილობს ვაუჩერით ტყეში შესვლას, რაც ერთი მხრივ კანონიერია, თუმცა არავინ აქცევს ყურადღებას, რამდენად სწორად არის შერჩეული ტყეკაფები", - ამბობს გეთიაშვილი.

სპეციალისტი შეშის დეფიციტის თავიდან აცილების გზებზე საუბრობს და მოსახლეობას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს. პირველ რიგში, საჭიროა ხალხმა გათბობის ალტერნატიული საშუალება გამოძებნოს. გეთიაშვილმა ასევე ახალი ტყეკაფების გახსნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ დიდი დაკვირვებაა საჭირო, განსაკუთრებით მათი მხრიდან, ვისაც გზები გაჰყავს ტყეში.

"გარემოს დაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი რესურსი აღარ არის ტყეებში. ამით ცდილობენ მოსახლეობა აქედანვე გააფრთხილონ. ერთადერთი გამოსავალი იმისა, რომ დეფიციტი თავიდან ავიცილოთ არის ის, რომ მოხდეს შეშის ალტერნატიული სათბობით ჩანაცვლება - იქნება ეს ბუნებრივი აირი, ბრიკი, რომელიც შეშაზე გაცილებით იაფია ან სხვა საშუალებებით.

მინდა ვისაუბრო ახალ ტყეკაფებზე, რომელიც ინტენსიურად იხსნება. გზების შეყვანა დაიწყო ისეთ ადგილებში, რომლებიც აქამდე ხელშეუხებელი იყო. ამას ისიც ემატება, რომ გზის გაყვანის დროს მდინარის სათავეებამდე ადიან, რაც ძალზედ დამაფიქრებელია. ისეთ ადგილებში დაუშვეს შეშის დამზადება, რომელიც განსაკუთრებით საფრთხილოა. ამას შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს, ბუნებრივი კატასტროფების სახით", - განაცხადა გეთიაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ შეშის დეფიციტი თითქმის ყველა რეგიონშია, მოსახლეობის ნაწილმა თადარიგი ჯერ კიდევ ზაფხულში დაიჭირა და ზამთრის მარაგი შეიძინა. საჩხერის რაიონის მკვიდრი გურამ დეკანოიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შეშას ყოველწლიურად რამდენიმე თვით ადრე ყიდულობს, რის გამოც პრობლემა არასდროს შექმნია. მიუხედავად ამისა, მას შეშის დეფიციტი აშინებს და იმედოვნებს, რომ მოსახლეობისთვის რაიმე ალტერნატივა გამოიძებნება.

"შეშა ზაფხულში მოვიმარაგე. ეზოში ორი ხე გახმა და ისიც მოვჭერი, რაც ზამთრის მარაგს დაემატა. ყოველწლიურად რამდენიმე თვით ადრე მომაქვს შეშა, მართალია ადრინდელთან შედარებით ფასმაც მოიმატა, მაგრამ ეს ყველაფერი კანონზომიერია. საწვავის ფასი და სხვა ბევრი ხარჯი აქვს მეტყევეს, რის გამოც თავს ვერ დაიზარალებს და შეშას არსებულ ფასზე ნაკლებად ვერ მოგვყიდის. საერთო ჯამში, უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ მუდმივად მესმის, რომ ტყეში შეშის დეფიციტია და მომავალში ვითარება კიდევ უფრო გაიუარესდება. ეს კი მართლაც მაშინებს. დიდი იმედი მაქვს, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნება და ხალხი არ დაზარალდება", - აღნიშნა დეკანოიძემ.

ზოგიერთ რეგიონში შეშა დაახლოებით 10-15%-ითაა გაძვირებული. ერთი მანქანა შეშის ფასი, წინა წლებთან შედარებით, 150-200 ლარითაა გაზრდილი. ამის გამო მრავალი ოჯახი ზამთრისთვის შეშის მომარაგებას ვერ ახერხებს.

"უამრავი პრობლემაა, რისი დაძლევაც რეგიონში მცხოვრებლებს გვიწევს, მაგრამ უმთავრესი მაინც ფინანსური საკითხია. წელს ერთი მანქანა შეშა 550-600 ლარი ღირს. ადრე გაცილებით ნაკლებად ვყიდულობდი. უკვე საკმაოდ აცივდა და მე კი ჯერაც არ მაქვს ნაყიდი ზამთრის მარაგი. ჩემი მეზობლებიდანაც მხოლოდ რამდენიმემ შეძლო შეშის მომარაგება.

წინ გრძელი და ცივი ზამთარი გველოდება. გაზით ან ელექტროენერგიით გათბობა და ზამთრის გადატანა ყოვლად წარმოუდგენლად მიმაჩნია, რასაკვირველია ისევ უხარისხობის გამო", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას იმერეთის მკვიდრი გია ხვედელიძე.

მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ შეშის პრობლემა თითქმის ყველა რეგიონშია, გარდა რაჭისა. იქ ოჯახების უმრავლესობას შეშა უკვე მომარაგებული აქვს და ზამთარს ასე თუ ისე მშვიდად ელოდება.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"