ფუფუნების სეგმენტში ინვესტირება ყველაზე მომგებიანი რეტრო ავტომობილებსა და ღვინოშია

კლასიკური ავტომობილები და ღვინო ფუფუნების საგნებს შორის ყველაზე მომგებიან ინვესტიციად დასახელდა.

Knight Frank Luxury Investment Index-ის თანახმად, ვინტაჟურ მანქანებსა და ღვინოში ჩადებულმა ინვესტიციამ 12 თვიან პერიოდში ინვესტორებს 8%-ზე მეტის მოგება მოუტანა.

ლონდონში „სოტბის“ ბოლო ღვინის აუქციონზე ლოტების 98% გაიყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 1,79 მილიონი დოლარი შეადგინა. სააუქციონე სახლის წარმომადგენლის სტივენ მოულდის განცხადებით, ყველაზე მეტი პოპულარობით ფრანგული ღვინოები გამოირჩევა.

რაც შეეხება რეტრო მანქანებს, 2015 წელს ავტომობილების ისტორიაში ოთხი ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი გაიყიდა. კერძოდ, 1957 წლის „ფერარი 335 Sport” 35,3 მილიონ დოლარად გასხვისდა.

Knight Frank Luxury Investment Index ფუფუნების 10 საგანს მოიცავს. ვინტაჟური ავტომობილებისა და ღვინის გარდა, ყველაზე შემოსავლიანად დასახელდა ხელოვნების ნიმუშები, ძველი ავეჯი, ჩინური ფაიფური და ბრილიანტები. შედარებით ნაკლებად შემოსავლიანია საათები და მონეტები.