„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია“

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელის ჯავიდ გურბანოვის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

მისივე თქმით, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია.

„თურქულმა მხარემ პრაქტიკულად დაასრულა ყარსის რაიონში გვირაბის მშენებლობა. დარჩენილია მხოლოდ 60-80 მეტრი, რომელიც უახლოეს ხანებში დასრულდება. ასე რომ, მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია. პირველი მატარებელი წლის ბოლოს გაეშვება“, - განაცხადა გურბანოვმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. სარკინიგზო ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში შენდება. მისი საერთო სიგრძე 826 კილომეტრს შეადგენს. მაგისტრალმა, პირველ ეტაპზე, 1 მილიონი მგზავრის გადაყვანა და 5 მილიონი ტვირთის გატარება უნდა შეძლოს, რაც მოგვიანებით 17 მილიონ ტონამდე გაიზრდება.